
ახალი კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, გაქრობას ჯერჯერობით არ აპირებს. სპეციალისტების შეფასებით კი, ცხოვრება ჩვეულ რიტმს კიდევ დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება, რადგან ამ ეტაპისთვის მსოფლიო უძლურია პანდემიის წინაშე - თანამედროვე მედიცინა პრაქტიკულად ვერ უმკლავდება კოვიდ-19-ს. მის წინააღმდეგ არ არსებობს ეფექტური იარაღი და მთელი სტრატეგია აგებულია იმაზე, რომ ვაქცინის გამოგონებამდე, რასაც დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ეს პერიოდი როგორმე გადავაგოროთ.
რეალურად, რისი იმედი აქვს მსოფლიოს და რა იქნება ვაქცინის გამოგონებამდე? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რაზე პასუხი მსოფლიო მოსახლეობას აინტერესებს.
მედიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა კაცობრიობამ ძალიან რთული ეტაპი გაიარა, წინ კიდევ ბევრია გასავლელი და უამრავი რთული დღე (თვე) გველის. ამ ყველაფერმა კი შეიძლება სულ მცირე ერთი წელი გასტანოს.
ამის ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს ახალ ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლონ. ორგანიზაციის პრესსპიკერი დევიდ ნაბარო აღნიშნავს, რომ დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა გახდება, რადგან „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა". მისივე თქმით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება.
„ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება," - აღნიშნა ნაბარომ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოება ვირუსის პიკის დაღმასვლას ელოდება. ასევე, აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ მსოფლიო კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე დადგება - მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისი.
„მსოფლიოს ჯერ არ აქვს შემუშავებული მწყობრი სტრატეგია და ტაქტიკა ამ შედარებით უცნობ ვირუსთან საბრძოლველად. ვიცით, რომ სიკვდილის მაჩვენებელი არის მაღალი და პრაქტიკულად არ მცირდება. სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები მოვლენებს უფრო მეტად კუდში მისდევენ და მათზე რეაგირებენ, ვიდრე რაიმე პროვენციულ ღონისძიბებს ატარებენ. აღმოჩნდა, რომ არც ის პრევენციული ღონისძიებები არაა ეფექტური, რასაც მთავრობები ატარებენ. მსოფლიო ვერ უმკლავდება კორონავირუსს.
„ყველა პანდემიას პიკის შემდეგ დაღმასვლა ახასითებს; პირველი რასაც ელოდებიან, სწორედ ეს არის. ამასთან, ელოდებიან ამ პერიოდში შეიქმნება ვაქცინა, ან უფრო ეფექტური წარმოების პრეპარატები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გაადარჩინონ. კორონავირუსი არსად გაქრება და მისი განმეორების ალბათობაც საკმაოდ მაღალია.
„როდესაც ეპიდემიის პიკი გადაივლის, შემუშავდება იმ გამოცდილებათა წყება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ თვეების განმავლობაში მიიღო და პანდემიის მომდევნო აფეთქებას შედარებით მომზადებული შეხვდება მსოფლიო და უფრო რბილად გადაიტანს.
"ჯერ მთავარია პანდემია ჩაცხრეს და შემდეგ, უპირველესი ამოცანა იქნება, იმ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება, რომელიც ვირუსის შემოტევამ გამოწვია, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება," - აღნიშნა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ექიმი-ინფექციონისტის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მედიკოსთა ნაწილი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იმედოვნებს, რომ ვირუსის გავრცელების პიკი დაიწევს. ამასთან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი მისი პრევენციაა აცრების სახით.
„არის ასეთი მიდგომა, ელოდებიან ზაფხულს, რომ მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის ფონზე, დაიკლებს, მაგრამ, რეალურად, ვირუსულ ინფექციას ყველაზე რთულად უმკლავდება მედიცინა. მისი განადგურება ასეთი მარტივი არ არის. ისევ საუბარია პრევენციაზე, რასაც წარმოადგენს ვაქცინა. ვირუსის მკურნალობა არ ხდება, რადგან ის ჯერჯერობით არ არსებობს.
„იგივე ვითარება არის, რაც ყვავილის ვირუსის დროს იყო, რომელიც უმძიმესი დაავადება გახლდათ. მაშინ სწორედ აცრებმა გადაარჩინა მსოფლიო. პრევენციამ და არა მკურნალობა, რადგან ვირუსის მკურნალობა ძალიან რთული მოსაგონია. თუ არ გაჩერდა ზაფხულში ვირუსის გავრცელება და დარჩა, მისი განადგურების ერთადერთი გზა რჩება პრევენცია. მხოლოდ ვაქცინა ვერაფერს გვიშველის, თუ ადამიანებმა არ ვისწავლეთ ერთმანეთის დაცვა და თავშეყრისაგან თავის არიდება," - თქვა ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.