ია აბულაშვილი
13.04.2020

ჩრდილოეთ იტალიაში, ერთ-ერთ ეკლესიაზე დღესაც შემორჩენილია რელიეფი, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება და მასზე გამოსახულია წმინდა ვიქტორი და წმინდა კორონა. წმინდა კორონა მეორე საუკუნის ერთ-ერთი წინდანია; იგი მარკუს ავრელიუსიის მმართველობის დროს, 170 წელს, რომაელებმა ქრისტიანობისთვის სირიაში აწამეს.

წმინდა კორონას წამება უკავშირდება რომაელი ჯარისკაცის, ვიქტორის წამებას, რომელსაც თავი მოჰკვეთეს. ვიქტორი და წმინდა კორონა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა, მათი ხსნების დღე 11 ნოემბერს აღინიშნება. წმინდა კორონა ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნევა.

ქართულ წყაროებში, წმინდა კორონა ცნობილია წმინდა სტეფანიდას სახელით. წმინდანთა ცხოვრებაში აღწერილია "ბიქტორისა და სტეფნიდას" მოწამებრივი ცხოვრება.

რომის იპერატორის მარკუს ავრელიუსიის დროს სარდალ სებასტაინეს ლაშქარში მხედრად მსახურობდა იტალიელი ჯარისკაცი ვიქტორი. იგი ქრისტიანი იყო და ყველას წინაშე თამამად აღიარებდა თავის რწმენას. იმპერატტორის ბრძანებით ყველა ქრისტიანს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისთვის. ვიქტორმა უარი განაცხადა, რომ არ დაემორჩილებოდა იმპერატორის ნებას, რამეთუ იგი მონა იყო მაცხოვრისა იესუ ქრისტესი.

ვიქტორს ურჩობისთვის, ჯერ თითები დაამტვრიეს, შემდეგ გახურებულ ღუმელში შეაგდეს. სამი დღის შემდეგ, როცა ღუმელი გახსნეს და ფერფლის გადაყრა მოინდომეს, სხეული უვნებელი იხილეს.

შემდეგ ერთ ჯადოქარს მისი მოწამვლა უბრძანეს, რომელმაც სასიკვდილო საწამლავში ხორცი მოხარშა.

"შევჭამ ამ უწმინდურ ხორცს, რადგან ვერანაირი საწამლავი ვერ მოერევა ჩემი უფლის ძალას" - თქვა ვიქტორმა, ხორცს ჯვარი გადასახა და შეჭამა. ჯადოქარმა მეორე ხორცი უფრო ძლიერ საწამლავში მოხარშა და თქვა, თუ ამის შეჭმის შემდეგაც ცოცხალი გადარჩები, მაშინ შენს ღმერთს ვიწამებო. ვიქტორი ახლაც უვნებელი დარჩა, ჯადოქარმა ჯადოები გადაყარ და ჭეშმარიტ ქრისტიანად მოინათლა.

განრისხებულმა სარდალმა ვიქტორი გახურებულ ზეთში ჩააგდო. ამანაც რომ ვერაფერი დააკლო, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და თვალები დათხარეს. მაგრამ მოხდა სასწაული, იმ წუთში სარდლის ჯალათები დაბრმავდნენ. მიხვდნენ, რომ ეს ვიქტორის მიზეზით მოხდა, მივარდნენ და შენდობა სთხოვეს.

ვიქტორის ლოცვით მათ თვალები აეხილათ. გაოგნებულმა სარდალმა ბრძანა ვიქტორისთვის ტყავი გაეძროთ. როგორც კი დაიწყეს ბრძანების აღსრულება, იქვე იდგა კორონა (ქართულ წყაროებში წმინდა სტეფანიდა) რომელმაც ზეციდან ჩამოშვებული ორი გვირგვინი იხილა.

ერთი ვიქტორს დაედგა თავს, მეორე მას. ქალწული ქრისტიანი იყო, მან ხმამაღლა შეასხა ხოტბა ვიქტორის წამებას ქრისტიანობისთვის. სარდალმა ქალწულის შეპყრობა ბრძანა, მაგრამ იგი მაინც ხმამღლა გაიძახოდა "მე ქრისტიანი ვარ".

სარდლის ბრძანებით, ორი ფინიკის ხე გადმოხარეს და ისე მიაბეს კორონა და ორად გახლიჩეს. იმ წუთში მისი სული ზეცად აფრინდა. ამის შემდეგ ვიქტორს თავი მოჰკვეთეს. მისი სხეულიდან სისხლთან ერთად რძე წარმოედინებოდა. წმინდა ვიქტორი და კორონა (ქართულ წყაროებში წმინდა სტეფანიდა) ქალაქ დამასკოში დაკძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×