ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მხარის რწმუნებული ადასტურებს. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღებული 9 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, დადგენილია ყველა კონტაქტი და სოფელში მიმდინარეობს როგორც სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე მოსახლეობის ტემპერატურის კონტროლი.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი 30 წლის ქალთან კონტაქტში იმყოფებოდა, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდასტურდა.
"იცით, რომ ხიდისყურში გუშინ დადასტურდა COVID-19 და შესაბამისად, გავრცელების პრევენციისა და ლოკალიზების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება რომ საპოლიციო კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს. ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს უკვე გადაეგზავნა ინფორმაცია, იმსჯელებენ და დამატებით ღონისძიებებზე გვეცოდინება მოგვიანებით. გუშინ ჩატარდა კვლევები და ერთი ადამიანის ნიმუშის პასუხი არის დადებითი. ის უკავშირდება სწორედ ამ სოფელს", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ხიდისყურიდან 6 პირი სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში გუშინვე გადაიყვანეს. სოფელში სულ 21 ოჯახია, ყველა მცხოვრებელი თვითიზოლაციაშია. მათ პერიოდულად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ხიდისყურში უკვე მეორედ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. სოფლის გასასვლელში დგანან სამართალდამცველები, გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი.
“Report.ge“