
"ემოციურად ძალიან რთულ გზას გავდივართ. ნათიამ ექიმთან გადამოწმების მიზნით მიიყვანა და სრულიად შემთხვევით ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. ჩვენს თვალწინ უარესდებოდა ბავშვის მდგომარეობა. სწრაფად პროგრესირებდა სიმსივნე.
იმ დროს გვიწევდა აუცილებელი პროცედურების გავლა, უამრავი დრო და ნერვი წაიღო ანალიზის პასუხების ლოდინმა, პატარას ღამე უძილობა დაუწყო, ტიროდა, თავისი მდგომარეობა აწუხებდა. გადავწყვიტეთ მისი კლინიკაში გადაყვანა. პირველი ქიმიის კურსი საქართველოში გავუკეთეთ. გარდა იმისა, რომ რთული დიაგნოზი დაუსვეს, იშვიათიცაა - ღვიძლზე რაბდოიდური სიმსივნე.
იმის გამო, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ნაკლები პრაქტიკაა, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა გადავწყვიტეთ - იქ, სადაც ამ დიაგნოზს წარმატებულად კურნავენ. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული ნაბიჯი ბავშვის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყო.
ჩვენ ამ კლინიკაში დიტო ცინცაძის ფონდის რეკომენდაციით მოვხვდით და გაგვიმართლა, კარგი ონკოლოგი გვყავს, რომელმაც შედეგი დადო. ქიმიოთერაპიის მეხუთე კურსს მალე გაიკეთებს ალექსი და მერე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც აღმოჩნდა, ალექსს დიდი ე.წ. სოლიდური სიმსივნე აქვს. ამიტომ, ბავშვს ღვიძლიდან მკვდარ უჯრედებს ამოუღებენ.
შესაძლოა, ალექსის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩვენი - მშობლების განწყობა, უამრავი ადამიანის მხარდაჭერაც მოქმედებს. არ ვიცი, ამდენი ადამიანის სიკეთეს როგორ გადავიხდით. ხანდახან ფილმში გვგონია თავი. იყო დრო, როცა მსგავს პრობლემებზე სატელევიზიო სიუჟეტები თავად მომიმზადებია...
მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ ენერგია ალექსს მივცეთ, მაგრამ ისე გამოდის, რომ თვითონ უძლებს და თავად გვავსებს ოპტიმიზმითა და იმედით. მას ქიმიოთერაპიის შემდეგ, ბოლომდე თმაც კი არ გასცვენია.
არ ვიცით, როგორ და რანაირად ახერხებს, მაგრამ აქვს კრიზისი, გაუჭირდება და მერე უცებ დგება. ახლა ალექსი წლის და სამი თვისაა, თავის ენაზე გვესაუბრება, გავლას ცდილობს. ვფიქრობ, უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე - საუბრობს.
ახლა, კორონავირუსის გამო თურქეთში კრიზისული მდგომარეობაა. კლინიკაში, სადაც ალექსს მკურნალობენ ყოველდღიურად მოჰყავთ პაციენტები. არანაირი ბარიერი და წინააღმდეგობა არ არსებობს, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ.
ზოგადად, თურქეთში პანდემიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. სხვადასხვა ადგილებში, სადაც წასვლა მომიწია, სხვადასხვა განწყობებია. პარასკევს საღამოდან კომენდანტის საათია გამოცხადებული. მაღაზიებში რიგებიც კი არ ყოფილა. იქ, სადაც ჩვენ ვართ, კლინიკასთან ახლოს, არც კი იგრძნობა დაძაბული სიტუაცია. თურქეთი გვიან შევიდა ამ ბრძოლაში. როგორც საქართველოშია, აქაც არ შეიძლება ავტომანქანაში მძღოლის გვერდით ჯდომა.
ჩვენ ორმაგ კარანტინში ვართ. ჩვენთვის გარეთ გასვლა კლინიკიდან გამოსვლაა. იმდენად გადართულები ვართ ალექსის მდგომარეობაზე, რომ თავიდან დრამატულად ვერც კი აღვიქვამდით. პირველ რიგში, ბავშვზე ვფიქრობთ, მას იმუნიტეტი დასუსტებული აქვს. ნებისმიერი საფრთხე შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამიტომ, ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავთ.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას - უცნობებს, ახლობლებს, კოლეგებს. ვეცდებით, ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ სხვების დახმარებაში. ძალიან დამთრგუნველია, როცა ელოდები ვიღაცის გამარჯვებას კონკრეტულ პრობლემაზე და იგებ, რომ დამარცხდა. ბედნიერებაა, როცა ვიგებთ, რომ ვიღაცამ ყველა დაბრკოლება გადალახა.
ჩვენს კლინიკაში ქართველები გავიცანით. მითხრეს, რომ 8 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ, იბრძოდნენ და ყველაფერი მათი გამარჯვებით დასრულდა. სიმსივნე განაჩენი არაა, ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას ვურჩევ, პირველ რიგში, თქვენი შვილის დაიჯერეთ. ჩვენ ალექსის გვჯერა..." - ამბობს ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი.
წყარო: "პრაიმტაიმი"