რეზონანსი
12.04.2020

ძაღლს, რომელიც ბორჯომში მე-12 სართულიდან გადმოაგდეს ბუსა ჰქვია და როგორც მისი პატრონი, ქალბატონი ხათუნა ამბობს, ძაღლის მიტოვება აზრადაც არ მოსვლია.

გუშინ სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა და „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის" ხელმძღვანელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ძაღლს ოპერაცია გაუკეთეს და ახლა უკვე პატრონი მის წაყვანაზე უარს ამბობს.

აი რას წერდა გუშინ ელიზბარაშვილი: „ძაღლი ორსულად იყო და ძირს დაცემისას ყველა ლეკვი დაეხოცა მუცელში. პირველი ოპერაციის დროს 8 მკვდარი ლეკვი და საშვილოსნო ამოვუღეთ. ხოლო დღეს 11 აპრილს მენჯის დამსხვრეული ძვალი რკინის ღეროზე ააწყო ექიმმა ალიკა ქანაშვილმა კლინიკა „აიბო"-ში.

იმისთვის, რომ ძაღლი არ დაისტრესოს უცხო გარემოში, არ ჩავარდეს დეპრესიაში, რაც აუცილებლად ლეტალური შედეგით დამთავრდება. მე, თამაზ ელიზბარაშვილი ველაპარაკე ძაღლის პატრონს. ავუხსენი დეტალურად ყველაფერი, მაგრამ პატრონმა ამაზე უარი თქვა. შესაბამისად მე პასუხისმგებლობას ვიხსნი, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ჩავარდა დეპრესიაში, მე მას ვეღარ ვუშველი".

სრულიად საპირისპიროს ჰყვება ძაღლის პატრონი.

„ბუსა ერთი წლისაა და ის მაჩუქეს. ჩემი გაზრდილია და ყველამ იცის როგორ მიყვარს. როგორ მივატოვებდი ჩემს ბუსას ასე, როცა მის გამო ისე ცუდად ვიყავი, რომ რამდენიმე სასწრაფოს გამოძახება დასჭირადთ ჩემებს. ჯერ რამდენიმე დღე პროკურატურაში ვიარე, რადგან დაზარალებულად მცნეს, რომ ვინც ბუსა ამ დღეში ჩააგდო ის დაესაჯათ. ძაღლი რამდენიმე დღე სახლში მყავდა, შემდეგ მეგობრების და ძალიან კეთილი ადამიანების დახმარებით ის თბილისში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. რამდენჯერმე დავრეკე კიდეც ელიზბარაშვილთან, თუ საჭიროა ჩამოვალ თქო, მაგრამ მოგეხსენებათ კარანტინია ქვეყანაში და ისე ხშირად ვერ მოვახერხე ჩასვლა. რატომ დასჭირდა ასეთი ტყუილი ბატონ თამაზს არ ვიცი. მივწერე კიდეც მესიჯი და არ მიპასუხა. ახლა მივდივარ თბილისში რომ ჩემი ბუსა ჩამოვიყვანო. ძალიან გული დამწყდა ამდენი ცუდი კომენტარი რომ წავიკითხე ჩემი მისამართით. როგორ იფიქრეს, რომ ძაღლს დავტოვებდი, როცა ამდენი ვიტანჯე და ვინერვიულე მის გამო", - უთხრა „პრაიმტაიმს" ძაღლის პატრონმა.

როგორც ძაღლის პატრონი ამბობს, ცხოველი მე-12 სართულიდან მისთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა გადმოაგდო. „საერთო ჰოლში მეგობარ გოგოს გამოვესარჩლე, რომელსაც ჩემთვის სრულიად უცნობი მამაკაცი შეურაცხყოფას აყენებდა. ამით გაბრაზებულმა კაცმა კი აივანზე შემთხვევით გამოსული ძაღლს ხელი დასტაცა და მე-12 სართულიდან გადააგდო", - დასძინა ძაღლის პატრონმა.

ცნობისთვის: ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ 31 კაცს ბრალი უკვე წარუდგინა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×