
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა, წყავროკა, ასევე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ადმინისტრაციულ ერთეულებში შინაგან საქმეთა სამინისროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
საკარანტინო პირობები და სპეციალური რეჟიმი ქობულეთისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადამინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. გვარას, მუხაესტატეს, ლეღვას, წყავროკას და ლენტეხის შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
გარდა ამისა, როგორც საკარანტინო ზონებში, ასევე სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს უმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია ქობულეთის, მარნეულის, ბოლნინის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უზრუნველყოფს.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.