
ზუგდიდის აგრარული ბაზრის ფუნქციონირება 12 აპრილიდან განახლდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ბაზრის ადმინისტრაციამ სადეზინფექციო სამუშაოები დაასრულა და გახსნისთვის ემზადება.
პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება მთავარი შენობის ამოქმედება სადაც ბოსტნეული გაიყიდება. ბაზარში მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით მუდმივი კონტროლის პირობებში დაიშვებიან.
„ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია. შესაძლებელია, მთავარ შენობაში საქმიანობა განახლდეს. მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან
მხოლოდ იმდენი, რაც დისტანცირების და რეკომენდაციების გასათვალისწინებლაფ იქნება საკმარისი. ეს პირველ რიგში მათ და მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება. ზედამხედველობა და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად განაგრძობს დაკვირვებას", - განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება 5 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რამდენიმე გამოვლენილი ფაქტი გახდა.