
მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ამას უკვე ქვეყნის ხელისუფლებაც აღიარებს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა შაბათს განაცხადა, რომ საავადმყოფოები ინფიცირებულთა ნაკადს დიდი გაჭირვებით უმკლავდებიან. ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო მოქალქეებს საფრთხისადმი არასერიოზული დამოკიდებულების გამო საყვედურობს. შს სამინუსტრომ კი მოსკოვის შესასვლელებში საგუშაოები გახსნა, ორშაბათიდან კი ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ საგანგებო საშვით იქნება ნებადართული.
როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს" იუწყება, პესკოვმა 11 აპრილს ჟურნალისტებთან მოსკოველი ექიმების „გმირულ ბრძოლაზე" ისაუბრა.
„ავადმყოფების შემოდინება ძალიან დიდია. როგორც ვხედავთ, სასწრაფო დახმარება და საავადმყოფოები მოსკოვში დაძაბულ რეჟიმში გმირულად მუშაობენ" - განაცხადა პესკოვმა და იქვე აღნიშნა, რომ ვითარება სანკტ-პეტერბურგშიც იძაბება.
ბოლო მონაცემებით, მოსკოვში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსული ინფექციის 7882 შემთხვევაა გამოვლენილი. დედაქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ საავადმყოფოები და სასწრაფო გადაუდებელი დახმარებები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ.
მოსკოვის გასასვლელებში შაბათს უკვე გაჩნდა პოლიციის საგუშაგოები. პოლიციელები მძღოლებს და მგზავრებს განმარტებას სთხოვენ, თუ რა აუცილებელი საჭიროების გამო დაარღვიეს თვითიზოლაიის რეჟიმი. მოსალოდნელია, რომ ორშაბათიდან რუსეთის დედაქალაქი საერთოდ ჩაიკეტება. გარდა ამისა, თავად მოსკოველებს ქუჩაში გამოსვლა და გადაადგილება მხოლოდ საგანგებო საშვით შეეძლებათ.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო კი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები არსებულ საფრთხეს არასერიოზულად აღიქვამენ და ამან შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მისივე შეფასებით, მოქალაქეთა ნაწილი გადაჭარბებით აფასებს ნივრისა და ლიმონის სასარგებლო თვისებებს და ფიქრობს, რომ მხოლოდ ამით გაუმკლავდება დაავადებას.
ბოლო 24 საათში რუსეთის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რეკორდულად დიდი რაოდენობა - 1667 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 1030 მოსკოვზე მოდის.