
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პრაღაში, საბჭოთა წითელი არმიის მეთაურის მარშალ კონევის ძეგლის აღება განიხილა, როგორც რუსეთის სამხედრო დიდებათა სიმბოლოების განადგურება, რომელიც ჩადენილია საჯაროდ - ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს განთავსებული. სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით 354.1-ე მუხლის მე -3 ნაწილითაა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტმა და პუტინის უახლოესმა მოკავშირემ, სერგეი შოიგუმ მოსთხოვა სამართალდამცავებს, რომ უცხოეთში მეორე მსოფლიო ომის მონუმენტების აღება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩათვალოს და „დამნაშავეების" მიმართ სს დევნა დაიწყოს.
მარშალი ივან კონევი წითელ არმიას უძღვებოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1945 წლის 9 მაისს შევიდა. იგი 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა, 1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ის აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარს ხელმძღვანელობდა. კონევი 1968 წელს პრაღის გაზაფხულის დროს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შემოჭრის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა. აქვე დავამატებთ, რომ ივან კონევი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ლავრენტი ბერიას დაპატიმრებისა და გასამართლების, შემდეგ კი დახვრეტის საქმეში. ერთ არაოფიციალური ვერსიით, მან ბერია თავისი ხელით დახვრიტა.
„გამოძიების თანახმად, პრაღის მუნიციპალურმა მმართველობამ ამ ცინიკური ქმედებებით ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ნაკისრი ვალდებულებები რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში უხეშად დაარღვია, რაც გამოხატავს მათ უგულებელყოფას საბჭოთა ხალხის ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო მეხსიერებასა და ისტორიაზე." - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის საიტზე.
პრაღაში საბჭოთა კავშირის მარშალის ივან კონევის ძეგლი ღების შემდეგ, 5 აპრილს მოსკოვში რამდენიმე ნიღბიანი პირი ჩეხეთის საელჩოს თავს დაესხა. თავდამსხმელებმა საელჩოს ტერიტორიაზე კვამლის გამშვებები შეაგდეს და განათავსეს ბანერი წარწერით „შეწყვიტეთ ფაშიზმი".
ჯგუფმა სახელად "სხვა რუსეთი", რომელიც 2007 წელს აკრძალული ნაციონალური ბოლშევიკური პარტიის წევრებისგან შედგება, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ჩეხი ოფიციალური პირებისთვის, რომლებმაც 3 აპრილს მარშალ კონევის ძეგლი აიღეს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა ვანდალიზმის აქტად შეაფასა, და ამ ქმედების ჩამდენ ორგანიზაციას ექსტრემისტული უწოდა
1980 წლის 9 მაისს აღმართული ძეგლი 2020 წლის 3 აპრილს დაშალეს, გასული წლის 12 სექტემბერს პრაღის მერიამ გადაწყვეტილებით, საბჭოთა მარშალის ძეგლის ადგილას 1945 წელს პრაღის განმათავისუფლებლებისთვის მიძღვნილ მემორიალს განათავსებენ, რომლის შექმნისთვის კონკურსიც კი გამოაცხადეს, მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ უკმაყოფილებამ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთსა და ჩეხეთს შორის გაფორმებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას არღვევდა.
მაშინ მოსკოვმა ასევე დასძინა, რომ თუ ჩეხეთში საბჭოთა მარშალის ძეგლს ადგილს შეუცვლიდნენ და მუზეუმში გადაიტანდნენ, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე აისახებოდა და არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.
რუსეთის ამდაგვარმა დამოკიდებულებამ ჩეხეთის გაღიზიანება გამოიწვია, რაზედაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ზმეევსკიც კი დაიბარეს და მკაცრად განუმარტეს, რომ ეს კონკრეტულად ქვეყნის შიდა საქმეა და არა რუსეთის.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟმა რუსეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩეხეთს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ პატივისცემასა და თანასწორობას, ჩეხეთი მკაცრად იცავს.
ხმელარჟმა ძეგლის გადაადგილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის პრეროგატივა მხოლოდ ჩეხეთს აქვს და აბსოლუტურად მიუღებელი იქნება მისთვის პოლიტიკური კონტექსტის მინიჭება, პრობლემის შემდგომი გაღვივებისა და კონფლიქტის წამოწყებისთვის.
მათთვის ასევე მიუღებელია რუსეთის კულტურის მინისტრის მედინსკის რიტორიკა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიმღები ჩეხეთის ერთ-ერთი რაიონის, პრაღა-6-ის ხელმძღვანელ ონდრჟეი კოლარჟს დამცინავად „გაულაიტერი" უწოდა. თავად მედინსკიმ კი განაცხადა, რომ ძეგლის გადაადგილება მიღებელია, რადგან კონევის პატივსაცემად აღნიშნული ძეგლი თავის დროზე თავად პრაღის მადლიერმა მოსახლეობას დააყენა.