
რუსეთში კორონავირუსი ელვისებურად ვრცელდება, ბოლო მონაცემებით 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის ინფექცია 57 რეგიონში 1800 მდე ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროის განმავლობაში ინფექციისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ამ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ინფექცია მთლიანობაში რუსეთის 87 რეგიონში გავრცელებული, მთლიანობაში 11 917 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 795 ადამიანს შეადგენს, ოფიციალური დადასტურებული მონაცემებით კი საერთო ჯამში ინფექციისგან 94 ადამიანი გარდაიცვალა.
განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია მოსკოვში, სადაც ერთ კვირაში ვირუსის დაინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა და 7 882-ს მიაღწია. ამავე დროს, გაორმაგდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვიც, 5,5 ათასამდე. ქალაქში პროფილური საავადმყოფიები გადავსებულია და ქალაქის მთავრობა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქში პანდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსი მოსკოვის საპატრიარქოს 8 მღვდელს დაუდგინდა, ხოლო კიდევ სამი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მანამდე საპატრიარქო 3 სასულიერო პირის ინფიცირებაზე საუბრობდა.
29 მარტს, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგების დროს ყველა მართლმადიდებელს მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ტაძრებში და ილოცონ შინ, აგრეთვე არ დაუჯერონ იმ მღვდლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კარანტინს და მათ ტაძრებში სიარულისკენ მოუწოდებენ.
მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. საფლავებზე მისვლა ხალხს მხოლოდ დაკრძალვისას შეეძლებათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით.
მარტის დასაწყისში რუსეთმა ათობით რეგიონში, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგში კორონავირუსის გამო შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც ერთ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.