
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19 ინფექციის ოფიციალურად დადასტურებული 1.5 მილიონამდე შემთხვევაა, თუმცა, გერმანელი მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მსოფლიო მასშტაბით ინფექციის მხოლოდ 6%-ია აღმოჩენილი და რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა ათობით მილიონი ადამიანი იყოს.
აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩე ველე" გოთინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" გერმანიის მკვლევარების აზრს რეალურად მიიჩნევს, რადგან ინფექცია რიგ შემთხვევებში უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.
„ინფექციის შემთხვევები ასე გაცილებით მეტი ალბათ არ იქნება, აქ მეცნიერები უსიმპტომო ფორმებს ითვალისწინებენ, როდესაც ბევრმა ადამიანმა არც იცის ვირუსი თუ აქვს, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი განცხადება წავიკითხე, რომ კორონავირუსი აბსოლუტურად უსიმპტომოდ გადაიტანა და შემთხვევით რატომღაც ტესტირება გაუკეთეს და აღმოჩნდა, რომ მას ეს დაავადება გადატანილი აქვს.
„ეს მხოლოდ ამ ვირუსზე არაა, ბოტკინი 80 წლის ასაკისთვის ყველა ადამიანს უკვე მოხდილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ამის შესახებ არც იცის და მკვეთრი გამოვლენილი ამგვარი სიმპტომები არც ჰქონია.
„ეს თეორიაა და არა აქსიომა, თუმცაღა, გარკვეული სწორი აზრი დევს, იმიტომ, რომ მაგალითად, მენინგიტი შეიძლება ჩვეულებრივი გრიპოზული მოვლენებით წარიმართოს და ადამიანი ადამიანს თუ გადასდებს, მეორეს შეიძლება მენინგიტი დაემართოს და პირველი ფიქრობს, რომ უბრალოდ გაციებული იყო.
„რა თქმა უნდა, შემთხვევები გარკვეულწილად უფრო მეტია, ვიდრე ამბობენ, მაგრამ არა ისე რომ მთლიანად მოდებულია და დაიქცა ქვეყანა"- თქვა მან.
მისივე აზრით, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური დისტანცია და რეკომენდაციების გათვალისწინებაა.
„როდესაც ლაპარაკია პანდემიაზე, ეს იმას ნიშნავს რომ ვირუსი ფართოდაა გავრცელებული, არ აქვს მნიშვნელობა კოვიდ-19 იქნება თუ სხვა, ამიტომ, პირველ რიგში ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიური თავდაცვაა საჭირო და ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ, ერთად არ იყვნენ, არ შეიკრიბონ, იმიტომ რომ, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ მოხდეს.
„კარანტინი მართლა სადიზმი კი არაა, ეს აუცილებლობითაა გამოწვეული და მთავრობაც და ექიმებიც ვცდილობთ, რომ ადამიანები ერთად არ იყვნენ, რათა არ მოხდეს ვირუსის გადაცემა, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაავადება შესაძლებელია უსიმპტომო ფორმებით მიმდინარეობდეს, მაშინ რა თქმა უნდა, კიდევ მეორე გზაა, რომ მაცხოვრებლებზე მასიურად მოხდეს გამოკვლევების ჩატარება, რაც პრაქტიკულადაც, მატერიალურადაც და ტექნიკურადაც შეუძლებელია.
„ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიური თავდაცვა და ადამიანის თვითშეგნება, რომ დაავადების გართულებას არ დაელოდებიან და როგორც კი რამე სიმპტომს შეატყობენ, მაქსიმალურად იზოლირებულად, სპეციალისტთან მივიდეს, ან მასთან მოვიდნენ, რომლებიც დიაგნოსტირებას მოახდენენ" - განაცხადა ხმალაძემ.
გოთინგენის უნივერსიტეტის მკვლევარი სებასტიან ვოლნერი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობის რადიკალური სხვაობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოფიციალური ცნობები სანდო არ არის.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობებმა და პოლიტიკოსებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როცა დაგეგმარებისთვის შემთხვევების რაოდენობის ინტერპრეტაციას ახდენენ" - ამბობს მკვლევარი. მკვლევარი სებასტიან ვოლნერი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი დასკვნები ავსტრალიელმა მეცნიერებმაც გააკეთეს.