
თემქაზე მდებარე წმინდა ნიკოლიზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი, რომლის ოჯახის ოთხი წევრიც (მისი ჩათვლით) კორონავირუსითაა ინფიცირებული, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში", დაინფიცირების დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, 82 წლის ბაბუა ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება. ის კი დედასა და დეიდასთან ერთად ერთ-ერთ პალატაში.
"სტაბილურად ვგრძნობ თავს, სიცხე არ მაქვს, არც ხველება და სხვა სიმპტომები. ფილტვების ანთება მაქვს. პირველად ბაბუა დაინფიცირდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, დედამ არაერთხელ დაურეკა სასწრაფოს, სამწუხაროდ, სასწრაფომ უარი გვითხრა გადაყვანაზე და დედაჩემმა გადაწყვიტა ბაბუა ჩაგვეყვანა ტაქსით კორპუსთან მდებარე კლინიკა "ჯერარსში". ფილტვებზე სურათი რომ გადაგვეღო და გაგვეგო რა სჭირს. მაგრამ, მას შემდეგ რაც ბაბუა ტაქსიში ჩავსვით, მოვიდა სასწრაფოს მანქანა, ის ტაქსიდან გადმოვიყვანეთ და გადაიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში", - განაცხადა სტიქაროსანმა.
როგორც სტიქაროსანმა აღნიშნა, მას ჰგონია, რომ ბაბუის დაინფიცირება ლიფტიდან მოხდა, სხვა მხრივ, მას და მესამე სართულზე მცხოვრებ აღნიშნულ ოჯახს შეხება არ ჰქონიათ.
"პირველი შემთხვევა იყო ჩვენს კორპუსში მესამე სართულზე და როცა ეს შემთხვევა გავიგეთ, დედაჩემმა დარეკა მერიაში, დეზინფექცია რომ გაეკეთებინა. მესამე სართულიდან გადაიყვანეს ცოლი, ქმარი და მათი ძიძა, ოღონდ ის სხვა კორპუსში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ამ ამბის შემდეგ დეზინფექცია ჩვენი სახსრებით ვერ ჩავატარეთ. სავარაუდოდ, მგონია, რომ დაინფიცირება მოხდა ლიფტიდან, რადგან ბაბუა ხშირად გადიოდა საყიდლებზე პურს, ჟურნალს ყიდულობდა და ამ მხრივ ლიფტი მგონია ინფიცირების წყარო. ერთმანეთის სახლშიც არ დავდიოდით სტუმრად და არც არაფერი.
ბაბუამ პირველი სიმპტომის გამოვლენამდე ორი დღით ადრე თქვა, რომ სუსტად იყო. მას ეგონა რომ გაცივდა. ორი დღის შემდეგ იყო სუნთქვის უკმარისობა. კლინიკაში გადაყვანის მეორე დღეს როცა გავიგეთ ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩვენ ვითხოვეთ კარანტინში წავსულიყავით. სასწრაფომ გვითხრა უარი ტესტირებაზე სახლში იყავითო და იმკურნალეთო. სასრაფოს პირველი პასუხი იყო, რომ დაგვერეკა ოჯახის ექიმთან და მოგვეყოლა სიმტომების შესახებ. როდესაც უბნის ექიმთან დავრეკეთ, მისი პასუხი იყო, რომ სახლებში არ დავდივართ და ტელეფონით უნდა გვითხრათ სიმპტომებიო... ინფექციურშიც ვაპირებდით ასევე წასვლას, დავრეკეთ ინფექციურში და მათი პასუხი იყო, რომ ვერ მიგიღებთო", - განაცხადა სტიქაროსანმა.
მისი განცხადებით, მას ტაძარში მისვლისას ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, შეხება ჰქონდა მამაოსთან. სასულიერო პირმა, სტიქაროსნის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ის სახლში გაუშვა.
"მამაო სულ მაფრთხილებდა, რომ როცა გაიგებ დაინფიცირების ამბავს, ეცადე რომ აღარ მოხვიდეო. ცოტა ჯიუტი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა მივედი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან არ მქონდა მამაოს გარდა. როცა გაიგო მამაომ ჩემი ამბავი, გამიშვა და მითხრა სახლში იყავიო. როცა ბაბუას დაუდგინდა კორონავირუსი, მე უკვე სახლში ვიყავი. მე არ ვიცი, მამაო იმყოფება თუ არა იზოლაციაში, მაგრამ მე მის გარდა არავისთან მქონდა კონტაქტი", - განაცხადა სტიქაროსანმა.
გადაცემის წამყვანი ასევე დაინტერესდა იმ ტაქსის მძღოლის ვინაობის დადგენით, რომელიც სტიქაროსანს და დედამისს ინფიცირებული მოხუცის კლინიკაში გადაყვანაში დაეხმარა. სტიქაროსანის თქმით, ეს არ ყოფილა კერძო კომპანიის კუთვნილი ტაქსი და არც მისი ავტომობილის ნომერი ახსოვთ.