თამთა ჩაჩანიძე
08.04.2020

ჩინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი, 11-მილიონიანი ქალაქი უხანი, სადაც კოვიდ-19 ინფექცია პირველად დაფიქსირდა, სიცოცხლეს უბრუნდება, ქალაქზე, რომელიც 76 დღე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო, 8 აპრილის ღამეს შეზღუდვები მოიხსნა. ხელისუფლებამ უხანიდან გასასვლელი გზები გახსნა,მოქალაქეებს კი ავტომობილებით ქალაქის დატოვების ნება დართო.

ჰუბეის პროვინციის ცენტრი სრულ იზოლაციაში 2020 წლის იანვრიდან ათი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მილიონობით ადამიანს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქის დატოვება აეკრძალა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გარდაცვალებისა და ინფიცირების მინიმალური შემთხვევები დაფიქსირდა.

ქალაქში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა ნებადართულია, პირველივე დღეს ადგილობრივ აეროპორტში 200 ფრენა უკვე დაგეგმილია, პირველი სამგზავრო თვითმფრინავი უხანიდან ხაინანის პროვინციაში გაემგზავრა, ხოლო პირველი სამგზავრო მატარებელი - ქალაქ გუანჯოუს მიმართულებით.

პროვინციაში ფუნქციონირება განაახლა თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტმა, ბანკმა და საჯარო დაწესებულებამ, უსაფრთხოების ზომები ძალაში რჩება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მრავალმილიონიანი მეგაპოლისის ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ქუჩაში ლაზერ შოუც კი მიუძღვნეს.

ქალაქი უხანი, კორონავირუსის გავრცელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 23 იანვრიდან სრულ იზოლაციაში იყო, კოვიდ-19 ინფექცია კი პირველად დეკემბერში ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარში დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×