
„არ არიან ბორცვნი და მაღალი გორანი, რომელ ზედა არ იყოს შენნი ეკლესიანი წმინდის გიორგისანი" - ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ქართველთა მფარველს წმინდა გიორგის.
წმინდა გიორგი ქართველთა რწმენაში მე-4 საუკუნიდან წმინდა ნინოს შეწევნით დამკვიდრდა. როგორც ხალხში ამბობენ, მის სახელზე იმდენი ეკლესია აშენდა საქართველოში, რამდენიც დღეცაა წელიწადში. თუმცა წმინდა გიორგი კულტი, თეთრი გიორგის სახით, წარმართული დროიდან არსებობდა საქართველოში. ის მთვარის კულტთან იყო დაკავშირებული. თეთრი გიორგი მწუხრის დროს საღამოს გამოჩნდებოდა და ღამეს ანათებდა.
მე-10 საუკუნეში ახმატაში, სოფელ აწყურში, მაღალ მთაზე აუგიათ ეკლესია, რომელიც თეთრი გიორგის სახელობისაა. საუკუნეების მანძილზე, აგვისტოში, სავსე მთვარეობას თეთრი გიორგის სათაყვანებლად იმართებოდა ხატობა. მორწმუნენი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდნენ ეკლესიას, გუნდი მის სადიდებლად გალობდა. ეკლესიის ეზოში თეთრ სამოსში მორთული "ხატის მონები" მუხლისჩოქვით, ყელზე წმინდა გიორგის მძიმე ჯვრით შემოვლებულნი, გარშემო უვლიდნენ ეკლესიას და კედელზე ანთებულ სანთლებს აკრავდნენ. შემდეგ კართან წვებოდნენ და ტაძარში ყველა შემსვლელს ფეხი უნდა დაედგა "ხატის მონისთვის".
თეთრი გიორგის სახე წმინდა გიორგიში აისახა და ქართულ ფრესკებზე ხშირად გვხვდება ორი გიორგის შერწყმის გამოსახულება, რომელიც სულიერად თუ ხილულად ყოველთვის ეხარებოდა ქართველებს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში.
"დიდგორის ომში, გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშითგან კრთოდა ამ სიხილველით," - წერს დავთი აღმაშენებლის მემატიანე.
1121 წელს, როცა ურიცხვი მტერი მოადგა თრიალეთს, დიდგორს "თვით ფეხთა ვერ ეტეოდის ამათ ადგილად", დავით აღმაშენებლმა უშფოთველად განაწყო სპა და ბრძოლის დაწყების წინ ლაშქარს მიმართა.
"ეჰე მეორმარნო ქრისტესნო ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლოთ, მტკიცე გულით მტერს სასტიკად შევუტიოთ".
მეფის გასაოცარმა საბრძოლო სტრატეგიამ მტერი ჯერ დააბნია, შედეგ კი გააოცა, რადგან საოცრება იხილეს, წმინდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში.
"ცხადად იხილებოდა მთავარ მოწმე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლელი წინამძღვრა მათდა" - ასე აღწერს დავით აღმაშენბლის მემატიანე წმინდა გიორგის წინამძღოლობით ქარველთა ლაშქრის გამარჯვებას დიდგორის ომში.