
ხარება, ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია და ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ სამყაროს ეუწყა მაცხოვრის შობით კაცობრიობის გადარჩენის შესახებ. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში წერია, რომ ეს არის დღე დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნეთაგან დამალული საიდუმლოებისა“.
ერთი ვერსიით, ხარების დღესასწაულს ქრისტანები პრველივე საუკუნეებიდან აღნიშნავდნენ. მეორე ვერსიით კი 560 წელს იპერატორმა იუსტინემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი, ახალი სტილით 7 აპრილი გამოაცხადა.
ლეგენლის თანახმად, მღვდლებმა გადაწყვიტეს ტაძარი ფარდებით შეემკოთ. მოიყვანეს 7 ქალწული, მათ შორის წმინდა მარიამი, რომელსაც წილად ხვდა ძოწეული ძაფის დართვა. მარიამს სახლში წაუღია სართავი და ძოწეულის ძაფის დართვა დაუწყია. შუაღამისას აღასრულა ლოცვა და ესაია წინაწარმეტყველის სიტყვები წაუკითხავს „ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და მას ეწოდება იესო“.
მარიამი სიყვარულით განიმსჭვალა ქალწულის მიმართ და მთელი გულით შეევედრა ღმერთს, რომ მიენიჭებინა მისთვის ბედნიერება და ამ ქალწულის მოახლედ დაედგინა. უეცრად არემარე უჩვეულო ზეციურმა ნათელმა მოიცვა და მოესმა ხმა „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“; მარიამის წინაშე თავად უფლის წარგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი იდგა.
წმინდა ლუკას სახარების მიხედვით, უფალმა იესო ქრისტემ შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოავლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და სახელად უწოდებოდა იესო. და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დანიშნული იყო დავითის მოდგმის შთამომავალ იოსებზე. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.
მარიამი შეაძრწუნა მთავარანგელოზის სიტყვებმა. მაშინ ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინიან, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვა ძე და ეწოდოს სახელი იესუ“. მარიამს კი მიუგია: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა“.
მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა ქალწულს მესიის ჩასახვა ახარა, მარიამი თავის ნათესავის ელისაბედის მოსანახულებლად წასულა. იქ სამი თვე დაჰყო. შინ დაბრუნებულს ფეხმძიმობა მაშინვე შეატყო იოსებმა.
იოსებს შეეძლო ემხილებინა მარიამი და დაესაჯა მოსეს კანონით, მაგრამ კეთილი ბუნების იყო და ასეთი სიმკაცრე არ გამოიჩინა. გადაწყვიტა ფარულად განშორება. როცა ეს განიზრახა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით ძილში გამოეცხადა და ჰრქვა: „იოსებ, ძეო დავითისაო, მესია შენს შთამომავალთაგან იშვება. ნუგეშინიან მოყვნენად მარიამისა ცოლისა შენისა“.
იოსების კეთილ სულში მაშინვე გაქრა ეჭვის მარცვალი და გახარებული გულმშვიდად შეუდგა ღვთის ნების ასრულებას. ამბობენ, ხარება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ აკეთებს ამ დღესო.