
ამ ეტაპზე შინაური ცხოველები კორონავირუსით არ ავადდებიან და ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამის შესახებ საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა განაცხადა,
მისივე თქმით, მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის ან პირიქით.
ვეტერინარები აღნიშნული განცხადების გასაკეთებლად დღეს, მზიურში საგანგებოდ შეიკრიბნენ.
„დღევანდელი შეკრების მიზანია "კოვიდ 19" და გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, რომ კატებიდან და ძაღლებიდან შეიძლება ვრცელდებოდეს დაავადება. ამას არ ადასტურებს მსოფლიო ვეტერინართა ასოციაცია, შესაბამისად, გადადების საფრთხის შიში არ არის საფუძვლიანი. დღეისათვის, საბოლოოდ დადასტურებული დიაგნოზი, ადამიანიდან ძაღლზე ან ადამიანიდან კატაზე, ან ადამიანიდან ვეფხვზე დაავადების გადასვლის არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მინდა გაცნობოთ, რომ დღეისათვის პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცხოველები ამ ეტაპზე ნამდვილად არ ავადობენ კოვიდ 19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს", - განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.