
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მუდმივად ისმის რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გავრცელების საფრთხეები. ერთ-ერთი რეკომენდაციით, ხელი არ უნდა მივიტანოთ თვალებთან, რადგანაც შესაძლოა, თვალიდან ორგანიზმში ვირუსის გადატანა მოხდეს. რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი, რატომ ითვლება თვალი ამ დაავადების გადამტან ერთ-ერთ ორგანოდ და როგორ გადადის თვალიდან ორგანიზმში ინფექცია? ამაზე კლინიკა „ახალი მზერას“ ექიმი-ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი საუბრობს:
"თვალი ერთ-ერთია იმ ორგანოთაგან, საიდანაც შეიძლება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, ვინაიდან მუდმივად ხდება მისი ლორწოვანი გარსის შეხება ატმოსფეროსთან, იქ, სადაც გავრცელებულია მრავალი ვირუსი და ბაქტერია. ბაქტერიები ატმოსფეროდან თვალში ხშირად აღწევენ. მაგრამ ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი, კერძოდ, ცრემლი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ბაქტერიებს უვნებელყოფს და აღარ აძლევს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას. თუმცა, კორონავირუსი არის ის ახალი შტამი, რომლის მიმართაც ჯერ ადამიანის ორგანიზმს იმუნიტეტი არ აქვს გამომუშავებული. სწორედ ამიტომ არის ის საშიში.
ვირუაი თვალიდან საცრემლე არხის საშუალებით გადადის ჯერ ცხვირში, შემდეგ ცხვირ-ხახაში, რის შემდეგაც ბაქტერია ფილტვებში ინაცვლებს და გართულების სახით იძლევა პნევმონიას (ფილტვების ანთებას).
განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ კონტაქტური ლინზის მომხმარებლებმაც. უფრო მკაცრად უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები ლინზების ჩასმისა და ამოღების დროს. მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ გლაუკომით დაავადებულმა პაციენტებმაც, ვინაიდან მათ ყოველდღიურად უწევთ ერთ ან მეტჯერ ჰიპერტენზიული წვეთების ჩაწვეთება. ამიტომ ჩაწვეთების წინ საგულდაგულოდ უნდა დაიბანონ საპნით ხელები", - განუცხადა "ამბები.ჯი"-ს ოფთალმოლოგმა.