
ზურა ხაჩიძე ახლა ოჯახისგან ცალკე ცხოვრობს, მიზეზი კი მხოლოდ ერთია, რომ ერთი კვირის წინ, სამი დღის მანძილზე, 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა. მეუღლე ონკოპაციენტია, მკურნალობს, ანასტასიაც დედასთან არის.
სანამ ყველა ვადა არ გავა, რომელიც იზოლაციის წესებს მოიცავს, მარტო სახლში, წიგნის კითხვით იქცევს თავს.
"თვითიზოლაციაში ვარ, საკუთარ სახლში, რადგან სიცხეები მქონდა. იცით, რომ ხათუნაც მძიმე პაციენტია და ფილტვის პრობლემა აქვს, მეშინია... არ მინდა, რომ ჩემგან რამე გადაედოს. ძირითადად კითხვით ვარ დაკავებული. რაც სიცხე მქონდა, მას შემდეგ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ჯანმრთელი აღმოვჩნდე.
ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც მოულოდნელად სიცხე მომცა, 39 გრადუსი, ეს სამ დღეს გაგრძელდა. სასწრაფო რომ გამოვიძახე, მითხრეს, რომ ერთი ფილტვი არ მოსწონდათ. საავამყოფოში წავედი და ფილტვებზე გადამიღეს, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში მაქვს. გაუკვირდათ, რომ სიგარეტს ვეწეოდი, იმდენად კარგი მდგომარეობა მაქვს ფილტვებში. ამ ეტაპზე კოვიდ 19-ზე ტესტის გაკეთება აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ხველა და სუნთქვის გაგრძელება არ მაქვს, მაგრამ ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა ვიყო.
არავისთან არ მქონია შეხება, სექტემბრის შემდეგ საზღვარგარეთაც არ ვყოფილვარ. ყველანაირად ვიცავ წესებს - პირბადე, ხელების დაბანა, ანტისეპტიკურ საშუალებებს ვიყენებ. სავარაუდოდ, ჩვეულებრივი გაციება იყო, მაგრამ საჭიროა დაკვირვება" - განუცხადა "ამბები.ჯი"-ს ხაჩიძემ.