
31 მარტიდან საქართველოში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობა არის ძალაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელება არის შესაძლებელი. ამ საგამონაკლისო დარგების ჩამონათვალი მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებულ დადგენილებაში არის განსაზღვრული, თუმცა მასში მშენებლობის დარგი არ შედის. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე ეს ეკონომიკური საქმიანობა არ არის დაშვებული.
შესაბამისად, ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანი დროებით უმუშევარი იქნება.
თუმცა, მთავრობის ამავე დადგენილებაში განსაზღვრულია, რომ სახელმწიფოს საგამონაკლისო წესით შეუძლია ცალკეულ კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიანიჭოს. ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით საქმიანობა, რომელსაც შეზღუდვა არ შეეხება სახელმწიფოს დაკვეთით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაა. ამასთან, მინისტრი ყუდარღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, რომელსაც საქმიანობის გაგრძელება სურს, უნდა დაამტკიცოს, რომ ის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად იცავს უსაფრხოების ნორმებს.
"კითხვაზე იმუშავებს თუ არა ყველა კომპანია, რომელიც საჯარო სექტორს აწვდის სერვისს, ჩემი პასუხი არის რომ ყველა სერვისი ვერ იმუშავებს. ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ აუცილებელ სერვისებს, რომელთაც მათ შორის იღებს საჯარო უწყება, შესაძლოა საჯარო დაწესებულებებმაც დროებით უარი თქვან გარკვეულ სერვისებზე, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ იქნება მიჩნეული აუცილებლობად.
იგივე ეხება მშენებლობას. მშენებლობასთან მიმართებით, როგორც უკვე განვაცხადეთ მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, ისინი გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ასევე მოხდება კერძო სექტორთან მიმართებაში და ის ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ მუნიციპალიტეტებში და ოპერატიულ შტაბებში დასტურს იმისას, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისე, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ სამშნებლო კომპანიებს და ასეთ სამშენებლო ობიექტებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
საქსტატის ინფორმაციით, მშენებლობის დარგი 2018 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 98,000 ადამიანს ასაქმებდა.