
პოლონეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები „ფორმულასთან" საუბარში აცხადებენ, რომ მათ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს.
როგორც ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა, „ფორმულას" უყვება, უბილეთო მოქალაქეებმა საქართველოს საელჩოსთან შეკრება გადაწყვიტეს.
„ბევრნი დავრჩით უბილეთოდ. გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოსთან შეკრება და მათ სპეცრაზმი გამოიძახეს, სპეცრაზზმა დაგვშალა", - აცხადებს ის.
სპეცრაზმის მიერ ხალხის დარბევას ადასტურებს კიდევ ერთი ემიგრანტი პოლონეთიდან რომა კოკოევი.
„ჩემს მეგობარს უნდოდა ბილეთის ყიდვა და ვერ შეძლო. ბევრმა მოახერხა ყიდვა, თითქმის გაორმაგებულია ფასიო. როგორც გავიგე საელჩოსთან შეიკრიბნენ და იქ სპეცრაზმმა დაარბია. ბევრი ბილეთს ვერ ყიდულობს ფული არ აქვს. ზოგი ქუჩაში ათენებს ღამეს", - აცხადებს „ფორმულასთან" ემიგრანტი.