
2020 წლის მარტში ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა მდგომარეობამ ნავთობპროდუქტების ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. გარდა იმისა, რომ ღირებულება შემცირდა, მოთხოვნაც მკვვეთრად დაკლებულია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 26,20 დოლარით/ბარელზე, ანუ 51,2%-ით 51,13 დოლარიდან 24,93 დოლარამდე/ბარელზე.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე ფასებზე გავლენას ახდენს პირველ რიგში კორონავირუსის პანდემია.
,,კორონავირუსის პანდემიის შედეგად ნავთობზე მოთხოვნა უკვე მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კერძოდ, სხვადასხვა გათვლებით, საუბარია ნავთობზე მოთხოვნის 20-25%-იან კლებაზე. ეს განპირობებულია, ძირითადად, პანდემიის გამო დაწესებული კარანტინითა და ავიამიმოსვლის მნიშვნელოვანი შეჩერებით. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი, რაც ამცირებს სატრანსპორტო მიმოსვლას და აქედან გამომდინარე, საწვავის მოხმარებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის მსოფლიო გამოყენების დაახლოებით 60% სწორედ საავტომობილო მოხმარებას განეკუთვნება.
ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს ჩაიშალა "ოპეკი პლუსის" ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება. რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე. კერძოდ, საუდის არაბეთი სთავაზობდა „ოპეკი პლუსს" ყოველდღიური მოპოვების 1.5 მლნ ბარელით შემცირებას, რასაც არ დათანხმდა რუსეთი, რომელსაც, თავის მხრივ, სთხოვდნენ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 300 ათასი ბარელით შემცირებას. აღნიშნული შეთანხმება ძალაში იყო 2017 წლის დასაწყისიდან.
ამ შეთანხმების მიუღწევლობის გამო 2020 წლის 1-ლი აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვა „ოპეკი პლუსის" ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და „ოპეკი პლუსის" შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ძირითადად, მიმართულია მოპოვების ზრდისკენ.
,,ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი გახლავთ აშშ - 12 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. ეს ყველაფერი კი ხდება სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო გაურკვევლობის შექმნის მიზეზი. შედეგად, დღეს გვაქვს ის, რომ გადავსებულია ყველა მსხვილი ნავთობსაცავი, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ტერმინალი, მათ შორის საზღვაო ტანკერები. ამან კი უახლოეს პერიოდში შეიძლება შექმნას ნავთობის საცავებში თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა“, - დასძინა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას, პირველ რიგში საყურადღებოა საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. მართში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება. ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეადგენდა 2,7835 ლარს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,2896ლარს.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო პერიოდში ფიქსირდება საწვავის ფასის კლება. კერძოდ, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ავტოგასამართ სადგურებზე, საშუალოდ, 25-30 თეთრით ერთ ლიტრზე. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: "რეგულარის" ტიპის ბენზინი - 2,20-2,35 ლარი ლიტრზე, "პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 2,36-2,45 ლარი ლიტრზე, "სუპერის" ტიპის ბენზინი - 2,53-2,58 ლარი ლიტრაზე, ევროდიზელის საწვავი - 2,43-2,49 ლარი ლიტრზე.
რაც შეეხება არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს, იქ საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია.