
დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები შემოიღეს და შესაძლოა, კიდევ შემოიღონ. მისი თქმით, მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. გთავაზოვთ ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით გავრცელებული განცხადების ფრაგმენტს:
„გვახარებს ის, რომ ჩვენი მრევლი მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა გამოირჩევიან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში - როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს. ასევე მახარებს ისიც, რომ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, ვიდრე ეს განსაცდელია და ვიდრე ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში ნებისმიერი მოხმარებისათვის, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს. იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენით, ჩვენი განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტესა და ჩვენი სამშობლოსადმი ერთგულებით, ერთობით გამოვალთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან", - ნათქვამია დეკანოზის მიმართვაში, რომელსაც ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით ავრცელებს.