
„ამას რა ჰქვია არ ვიცი... სიტყვები არ მყოფნის",- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი ვაშაძის მიერ პირდაპირ ეთერში სწრაფი ტესტის ჩატარებას.
პრეზიდენტი გიორგი ვაშაძის ვიდეოს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს, რომ არ შეიძლება ვიწრო პოლიტიკური ამბიციების გამო უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგა.
„ამას რა ჰქვია არ ვიცი ... როგორ შეიძლება პიარის გულისთვის და ვიწრო პოლიტიკურ ამბიციების გამო ამ ვითარებაში ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა და ინფორმაციის გავრცელება??? სიტყვები არ მყოფნის",- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მთვრობამ რაც შეიძლება მეტი ტესტი შემოიტანოს.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.
22 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“პრაიმტაიმი“