
რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში, რომელიც კარანტინის ზონადაა გამოცხადებული? - მარნეულის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.
ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.
ტერიტორიაზე გაშლილია კარავი.
სპეციალური აღჭურვილობით ყველა მანქანას უკეთებენ დეზინფექციას და დისტანციური თერმომეტრით მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ.
ბოლნისში მცხოვრები გეგა ბახტურიძის თქმით, ქალაქში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი კარანტინის გამოცხადებას ჩვეულებრივად შეხვდა.
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს ადამიანების რეაქციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ყველა ძალიან ადეკვატურად მოეკიდა ამ საკითხს. ექიმები მზადყოფნაში არიან და ყველანაირი ტექნიკა მობილიზებული აქვთ. პოლიციასა და სამხედროებს რაც შეეხებათ, როგორ ვიცი, უშუალოდ სამხედროები დგანან ბოლნისის გარეთ ანუ საზღვართან, ხოლო რამდენიმე პოლიციელი თავად ქალაქში შევნიშნე და ვხდები, რომ აკონტროლობენ ყველაფერს. ექიმებს დავალებული აქვთ, რომ ყველა ადამიანი შეამოწმონ ტემპერატურაზე. დილით რომ გარეთ გამოვედი, ფანტასტიკური ფილმის სცენარს ჰგავდა - ქალაქი აბსოლუტურად დაცარიელებულია“, - განაცხადა გეგა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქალაქში მხოლოდ სურსათის ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები მუშაობს.

