
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ნაჭყებიას ქმარი, მამუკა ნაჭყებია საზოგადოებას და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, ოჯახი ცირა ნაჭყებიას საქართველოში ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით კი, ცხედარს კრემაცია უნდა ჩაუტარდეს, განიხილება მეორე ვერსიაც - ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე დაიკრძალოს, რა შემთხვევაშიც ოჯახს გადმოსვენების უფლება 5-დან 7 წლამდე ვადაში ექნება.
მამუკა ნაჭყებია ახლა მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, ორ კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება და შესაბამის პირებს დახმარებას სთხოვს. „პრაიმტაიმი" ცირა ნაჭყებიას მეუღლეს მადრიდში დაუკავშირდა:
„ჩემი თხოვნაა ეს საცოდავი გოგო საქართველოში გადმომასვენებინოთ. საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო. ჯანმრთელი ვერ მიმყავს და მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს. უბრალოდ მინდა, რომ ეს საცოდავი გოგო აქ არ დავტოვო. ბავშვები ტირიან, იციან რომ დედა გარდაეცვალათ. მინდა რომ ცირა თავის მიწა-წყალზე დასაფლავდეს და ბავშვებმა შეძლონ მისი ბოლო გზაზე გაცილება. ვთხოვ ყველას, რამენაირად გამოინახოს რესურსები და შესაძლებლობა, რომ ეს გოგო აქ არ დარჩეს.
მამუკა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ საკონსულოსაც მიმართა, თუმცა მის დახმარებას ვერ ახერხებენ.
“პრაიმტაიმი“