
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, მარნეულში მცხოვრები პაციენტის 86 კონტაქტი გამოვლენილია, თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, მათი რაოდენობა უფრო მეტია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებული ამჟამად ერთ-ერთ მუნიციპალურ საავადმყოფოშია განთავსებული.
ეპიდემიოლოგების ბრიგადამ მარნეულის სამედიცინო ცენტრში იმუშავა. ადგილობრივ მედპერსონალს შესაბამისი რჩევები მისცეს. საავადმყოფო კარანტინის რეჟიმში გადავიდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და სამინისტროს გადასცემს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 - გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 2 956 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 291.