რეზონანსი
22.03.2020

საუკუნეების განმავლობაში საპონი უხილავი პათოგენებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახდა. ჩვეულებრივი საპნის წყალში გახსნილი ერთი წვეთი საკმარისია მრავალი ტიპის ბაქტერიისა თუ ვირუსის დაზიანებისა და მოკვლისთვის; რა თქმა უნდა, მათ შორის არის ახალი კორონავირუსიც, რომელიც ამჟამად მთელ მსოფლიოს უტევს. საპნის შთამბეჭდავი ძალა მის ჰიბრიდულ სტრუქტურაში იმალება.

საპონი შედგება ქინძისთავის ფორმის მოლეკულებისგან, რომელთაგან თითოეულს ჰიდროფილური თავი აქვს, რომელიც ადვილად უერთდება წყალს, და ჰიდროფობიური კუდი, რომელიც წყალს თავს არიდებს და ზეთებთან და ცხიმებთან დაკავშირებას ამჯობინებს. წყალში შეკიდებისას, ეს მოლეკულები მონაცვლეობით დაცურავენ ცალკეული სხეულების სახით, ურთიერთქმედებენ ხსნარის სხვა მოლეკულებთან და წარმოქმნიან პატარა ბუშტებს, სახელად მიცელებს, რომელშიც თავი გარე მიმართულებით არის განთავსებული, კუდი კი შიგნით არის ჩაჭედილი.

ზოგიერთ ბაქტერიასა და ვირუსს ლიპიდების მემბრანა აქვს, რომელიც ორშრიან მიცელებს წააგავს, რომლებშიც ჰიდროფობიური კუდების ორი ბმა მოქცეულია ჰიდროფილური თავების ორ სარტყელს შორის. ეს მემბრანები შეიცავს მნიშვნელოვან ცილებს, რომელთა საშუალებითაც ვირუსები უჯრედებში აღწევენ და ასრულებენ სასიცოცხლო პროცესებს, რათა ცოცხლები დარჩნენ. ლიპიდურ მემბრანაში გახვეულ პათოგენებს შორის არის კორონავირუსები, აივ ვირუსი, B და C ჰეპატიტების, ჰერპესის, ებოლას, ზიკას, დენგეს გამომწვევი ვირუსები და მარვალი ბაქტერია, რომლებიც თავს ესხმიან ნაწლავებსა და სასუნთქ გზებს.

როდესაც ხელებს საპნითა და წყლით იბანთ, კანზე არსებულ ნებისმიერ მიკროორგანიზმს საპნის მოლეკულებით ფარავთ. საპნის თავისუფლად მონავარდე ჰიდროფობიური მოლეკულები ამ დროს წყლისგან თავის არიდებას ცდილობენ და ამ დროს, თავს აფარებენ იქ არსებულ გარკვეულ მიკრობთა და ვირუსთა ლიპიდურ გარსს, რომელსაც მისვლისთანავე არღვევენ.

„ისინი ძალაყინივით მოქმედებენ და ახდენენ მთელი სისტემის დესტაბილიზაციას“, — ამბობს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ თორდრასენი.დარღვეული მემბრანიდან ძირითადი ცილები მიმდებარე წყალში იღვრება, ბაქტერიები კვდება, ვირუსები კი უმოქმედო ხდება.

ტანდემში, საპნის ზოგიერთი მოლეკულა არღვევს იმ ქიმიურ ბმებს, რომლებიც ბაქტერიებს, ვირუსებსა და ჭუჭყს ზედაპირზე მიწებების საშუალებას აძლევს, შესაბამისად, ხდება მათი კანიდან მოცილება. მიცელების წარმოქმნა ასევე შესაძლებელია ჭუჭყის ნაწილაკებისა და ვირუსებისა თუ ბატქერიების ფრაგმენტების გარშემო, რაც მათ მოტივტივე გალიებში ამწყვდევს. როდესაც ხელებს იბანთ, ყველა მიკროორგანიზმი, რომელიც საპნის მოლეკულებმა დააზიანა, გამოამწყვდია თუ მოკლა, გადაირეცხება.

 რობოტული ქირურგიისა და გენური ინჟინერიის ხანაში ცოტა არ იყოს საკვირველია, რომ საპონი და წყალი, უძველესი შეუცვლელი რეცეპტი, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სამედიცინი ინტერვენციად რჩება. დღის განმავლობაში ჩვენ მრავალი სახის ვირუსსა და მიკროორგანიზმებს ვიკრავთ გარემოში არსებული საგნებიდან თუ ხალხისგან. როდესაც დაუდევრად ვეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს, შინაგანი ორგანოებისკენ გზას ვუხსნით პოტენციურად საშიშ მიკრობებს.

ხელების დაბანა, როგორც ყოველდღიური ჰიგიენის საფუძველი, ფართოდ არც ისე დიდი ხნის წინ დაინერგა. 1840-იან წლებში, უნგრელმა ექიმმა იგნას სემელვაისმა აღმოაჩინა, რომ თუკი ექიმი ხელებს იბანდა, გაცილებით ცოტა ქალი კვდებოდა მშობიარობის შემდეგ. იმ დროისათვის მიკრობები ჯერ ისე არ იყო აღიარებული დაავადებების საწყისად და ექიმებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ გაფრთხილება, რომ პაციენტების სიცოცხლე პერსონალის სისუფთავეზე ყოფილიყო დამოკიდებული. კოლეგების მიერ გაძევებული ექიმი სემელვაისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მცველებმა სასტიკად სცემეს და ჭრილობებიდან ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.

საპნითა და წყლით დაბანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ჩვეულებაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს პანდემიის მაჩვენებელს და ინფექციების რაოდენობას, იცავს კლინიკებსა და ჰოსპიტლებს გამანადგურებელი შედეგებისგან. თუმცა, ეს მეთოდი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელებს ყველა იბანს ხშირად და საფუძვლიანად — კარგად აქაფებს, საპონს კარგად ისვამს ხელის მტევნებზე და ზედა ნაწილზე, თითებს შორის, მტევნის ზურგს იხეხავს თითებით და მტევნებს ატრიალებს წრიულად.

ხელების რეგულარული დაბანვა აუცილებლად სჭირდებათ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებსაც, განსაკუთრებით პანდემიებისას, რადგან დაავადება მათ შეიძლება გაავრცელონ უფრო მოწყვლად ადამიანებზე.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×