
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უკვე რამდენიმე საათია ოფიციალურად მოქმედებს. ეს რეჟიმი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტშია გაწერილი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილი და პარლამენტში ცოტა ხნის წინ დამტკიცებული დოკუმენტი, 21 აპრილამდე ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების წესებს სრულიად ცვლის. საზოგადოება დახურულ სავაჭრო ობიექტებს, შეკრების შეზღუდულ რაოდენობას, სურსათის მაღაზიებში სამომხმარებლო ქცევის ახალ მიდგომებს უნდა მიეჩვიოს.
BM.GE დაინტერესდა, როგორია სლოგანით – #დარჩისახლში – თბილისში ცხოვრება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე წუთებიდან, ამიტომ დედაქალაქის ქუჩებიდან რეპორტაჟს გთავაზობთ. დაკვირვების არეალია პეკინისა და კოსტავას გამზირები, ასევე მათი მიმდებარე ქუჩები.
საგანგებო ცხოვრების პირველი რეაქციები სწორედ ამ სავაჭრო ობიექტებთან შეგხვდებათ, სადაც სურსათ–სანოვაგეს მომარაგების მსურველთა ნაწილი თავის რიგს დახურულ კარს მიღმა ელოდება.
რამდენიმე მაღაზიის კარებზე ასეთი წარწერაც დაგხვდებათ:
გარდა ამისა, მაღაზიების ნაწილი სამუშაო საათებსაც ცვლის. მაგალითად, გამრეკელის ქუჩაზე, „კარფურიდან“ გამოსულ, თუ შესულ მომხმარებლებს დაცვამ კარებშივე გვამცნო, რომ ხვალიდან ეს ობიექტი დილის 10:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებს. საგანგებო მდგომარეობამდე სამუშაო საათები ასეთი იყო: 09:30–22:30.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
სამაგიეროდ, სავალუტო ჯიხურები მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობენ, ტაბლოზეც ისევ არასახარბიელო ვითარებაა – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 3 ლარი და 25 თეთრი ღირდა. ერთ–ერთო სავალუტო ჯიხურის ოპერატორი ამბობს, რომ დღეს მათთან დოლარის ფასი არ გაზრდილა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მომხმარებლების მიმართვიანობამ იკლო.
