
პრეპარატი "პლავენილი“ ნებისმიერ დაინფიცირებულ პაციენტს მიეწოდება კლინიკაში, ამიტომ ამის შეძენა და სახლში დასაწყობების აუცილებლობა არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პლაკვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების პრეპარატი.
„ეს პრეპარატი მხოლოდ დაავადებულებს ენიშნებათ. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა არ არის, შეიძინოთ და სახლში დააწყოთ. ასეთმა საქციელმა შეიძლება, დეფიციტური გახადოს პრეპარატები და ვისთვისაც საჭიროა, შეიძლება, ვერ მიიღონ. თუ შესაძლებელია, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მისი შეძენისგან. ნებისმიერ პაციენტს, ვისაც დაუდასტურდება და მოხვდება კლინიკაში, ეს პრეპარატი მიეწოდება. მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არსებობს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაკვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ხელმისაწვდომია საქართველოში.
საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით).
ა.წ. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ.
პარალელურად ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში.