რეზონანსი
21.03.2020

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დაცველი ნინო ლომჯარია წერს.

ლომჯარიას თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი, რომელიც პანდემია-ეპიდებიემის დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ (მუხლი 5) - საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

„შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში. ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც", - წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში".

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×