რეზონანსი
19.03.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან გარდაცვლილთა გადასვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება.

კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება კონტაქტშია ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახთან და გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებით იქნება მიღებული.

„გარდაიცვალა საქართველოს ასაკოვანი მოქალაქე, რომელიც განეკუთვნებოდა მაღალი რისკის პაციენტებს. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მაღალი რისკის პაციენტებში განიხილავდნენ მის მდგომარეობას. რაც შეეხება გადასვენების საკითხებს, იცით, რომ სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეების გადმოსვენებაში, თუმცა გადმოსვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური წესები. ბუნებრივია როგორც სტანდარტული პროცედურა, ვერ იქნება, თუმცა ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაზე ვართ ოჯახის წევრებთან და ისინი საქმის კურსში არიან. მათთან კომუნიკაციაში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×