რეზონანსი
19.03.2020

ესპანეთში მცხოვრებ, 74 წლის ქართველ ემიგრანტს, რომელიც კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა, საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონია.

მისი მეგობარი, მანანა კუბლაშვილი „პრაიმტაიმთან" გარდაცვლილის შესახებ საუბრობს.

„საოცარი ქალი იყო, ძალიან თბილი, გონიერი, სხვების დამხმარე. ჩვენ წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს. ბათუმში რამდენიმე დღით მის სახლშიც ვცხოვრობდი, როდესაც ჩემს ქალიშვილის (საოპერო მომღერალია) იქ სპექტაკლი ჰქონდა. ქალბატონ გულნარას 3 ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი გოგონა სტუდენტი გახლდათ, თურქეთში სწავლობდა და იქ გარდაიცვალა, ავარიით - ავტობუსი გადაბრუნდა და იქ მოჰყვა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. შვილის სიკვდილი ძალიან განიცადა, საჭმელზე, ექიმზე უარი თქვა - სიკვდილი სწყუროდა. ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა და ამის გამო ვერ მიხედა თავის საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს. გაკოტრდა და ვალები დაედო.

წლებმა მისი ტკივილი ვერ მოაშუშა. გამუდმებით გარდაცვლილ შვილზე ფიქრობდა, განიცდიდა, მაგრამ პარალელურად დარჩენილ ორ შვილზეც ზრუნავდა, ვალებიც პირნათლად გაისტუმრა.

20 წელზე მატია, რაც ემიგრანტია, ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა, წელშიც გაიმართა. აქაური პენსიაც დაუნიშნეს და საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფილიყო, მაგრამ ურჩიეს, რომ იმ ქრონიკული დაავადებეზე ემკურნალა ბარემ და ისე დაბრუნებულიყო საქართველოში.

ამის შემდეგ გადაწყვიტა, 1-2 წელი დარჩენილიყო, რომ ექიმებთან ევლო და ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინა, მაგრამ ახლა ეს კორონავირუსი დაემთხვა და სამწუხაროდ, ვერ გადაიტანა. ძალიან განვიცადე, სიცოცხლით სავსე ქალი იყო, ასაკიც არ ეტყობოდა და როცა უკვე თავის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო და მათთან ყოფნით გაეხარა, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა თუ ჯანმრთელობამ.

ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას... „ამ სამყაროში ყველაზე მძიმე, ყველაზე საშინელი გზა შვილის საფლავისკენ მიმავალი დედის გზაა" - წერს ფეისბუქში ქალბატონი გულნარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×