
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს საწყის ეტაპზე, კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.
"გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც", - განუცხადეს "აიპიენს" უწყებაში.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, უწყების განმარტებით, ეს ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.