
პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მათ ოფისში ჩატარებული ჩხრეკა პაატა ბურჭულაძის საქმიანობას უკავშირდებოდეს. როგორც ცნობილია, ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება. შუქრი ბურჭულაძის განმარტებით, მისმა თანამშრომელმა ხუმრობით 6 სმს-ი გაგზავნა, რასაც შემდგომ ჩხრეკა მოჰყვა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ გამოძიების ინტერესი შესაძლო მის ოჯახთან და პაატა ბურჭულაძესთან იყოს დაკავშირებული, შუქრი ბურჭულაძემ უპასუხა:
„არაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩვენს მეორე კომპანიაზე, რომელიც უკვე დავხურეთ, ძალიან დიდი კიბერშეტევა იყო, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ჩვენ კომპანიის დახურვა მოგვიწია. ვნახოთ, სიმართლეს გეტყვით, რომ ამ კომპანიაზე ჯერ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. მოხდა ასეთი ფაქტი და ჩვენმა თანამშრომელმა გააგზავნა სახუმარო 6 სმს-ი, მაგრამ ეს ახლა გვანახებს, ჩვენზე გამიზნული ზეწოლა იქნება თუ არა. ამას ამ საქმის მსვლელობა გვანახებს. შესაძლებლობა არ გვქონდა, რომ ამ გოგონასთან დაგვერეკა, მაგრამ ჩვენ მისი მონაცემები სუს-ის თანამშრომლებს მივეცით, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი, რომ ისინი დაუკავშირდნენ, გამოკითხონ და სიმართლე გაიგონ. ჩვენ „ვოისთან“ არავითარი კავშირი არ გვაქვს. ხმოვან სმს-ს ჩვენ არ ვაწარმოებთ, მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებას ვაკეთებთ“,- განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
ბურჭულაძეების ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.