
მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი მიოკარდიული ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს. მას ერთი სტენტი ჩაუდგეს და ორი კიდევ სჭირდება. როგორც ამბობს, მან კორონავირუსისგან შექმნილ სიტუაციაზე ინერვიულა.
"ჩემს პარტნიორს ველაპარაკებოდი ჩვენი კარაოკე კლუბის „მეტროს“ დახურვაზე. რა ეშველება ჩვენთან მომუშავე პერსონალს-მეთქი, ვდარდობდი. ადამიანები ამ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. შუქის და გაზის ფული რომ მოუვათ გადასახდელი, საჭმლის და გზის ფული რომ უნდათ, რა უნდა ქნან? შეიძლება ამაზეც ვინერვიულე. ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე.
ცოტა ხანში გულის ფიცარი უცებ გამიხურდა, სიმძიმე დამაწვა, კუნთები მომიდუნდა – კისრის, ხელების. მერე თვალთ დამიბნელდა. მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა და მაშინვე გამომაქანეს „ჯოენის“ კლინიკაში. ასე მომიკაკუნა მიქელამ. მე ვუთხარი, მისამართი შეგეშალა, ბატონო, მიქელ-მეთქი. ახლა წავალ და სხვა დროს არ აგცდებაო, დამიბარა", – იუმორით ჰყვება "პრაიმტაიმთან" მსახიობი.