რეზონანსი
17.03.2020

მარტის შუა რიცხვებში პიკს ველოდებოდით, მაგრამ პიკმა გადაიწია და დღეს გვაქვს იმაზე ნაკლები შემთხვევა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს აძლევს ჯანდაცვის სისტემას დამატებით დროს შემდგომი გართულებებისთვის მომზადებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „არენა" ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად მომზადება საკმაოდ ადრეულ ეტაპზე დაიწყო და თავიდან მოსახლეობა ამას ვერც კი ამჩნევდა.

„კორონავირუსმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად პირველ რიგში სოციალური პასუხისმგებლობაა საჭირო. ის, რაც დღეს პრემიერმა განაცხადა, არის ერთ-ერთი ფაზა იმ მომზადების , რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იანვრის თვიდან ახორციელებს. ჩვენ საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად მომზადება საკმაოდ ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ. მოსახლეობა ამას ვერც კი ამჩნევდა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატების აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უნდა გვცოდნოდა სისტემის რეალური შესაძლებლობები და ის, რა გადალაგება იყო ამისთვის საჭირო. 25 იანვარს ჩვენ დავიწყეთ აქტიური ნაბიჯების გადადგმა, 28 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომელშიც დეტალურად გაიწერა, თუ რომელი სტრუქტურა რა ვერტიკალზე მიიღებდა დავალებებს და როგორ იმუშავებდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×