
ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი მამუკა მაჩაიძე 1 წელია, აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საქმიანობს და ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაში იღებს მონაწილეობას.
ქართველმა დოქტორმა COVID 19-ის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ვირუსის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას.
"ჩინეთშიც, იტალიაშიც და ბევრ ქვეყანაში კვლევამ უკვე აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით COVID 19 აჭარბებს გრიპის ვირუსით სიკვდილიანობას, გადადის ბევრად მარტივად, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსები, პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს აავადებს.
მეორე, რაც ჩვენს რეალობაში გავრცელდა, იყო, რომ ალკოჰოლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გაგებული, რომ თითქოს, ალკოჰოლის დალევა შველის. ალკოჰოლური შემცველობის სითხით გაწმენდა ვირუსის ნაწილაკებს უსულო ზედაპირებზე კლავს, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არაა ალკოჰოლის მიღებასთან.
კორონავირუსის ოჯახი ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ COVID 19-თან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა, რომ ძალიან ადვილად გადადის, გერმანული კვლევის თანახმად, არა მხოლოდ ხვლებით და ლაპარაკით, არამედ - სუნთქვითაც. გადაცემის გზა ფომიტებიცაა - ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები. შესაბამისად, გადაცემის მინიმუმ ორი გზა აქვს.
მეორე მიზეზი, რის გამოც ეპიდემიის კონტროლი რთულია, არის ალბათ ის, რომ პაციენტი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 24-48 საათით ადრე, ანუ არსებობს ალბათობა, რომ სანამ პაციენტს დაავადება დაუდგინდება, მან პოტენციურად სხვა დააინფიციროს. დაინფიცირების ინდექსის თანახმად, საშუალოდ, COVID 19-ის მქონე 1 დაინფიცირებული ადამიანი ახლო კონტაქტის შემთხვევაში 2,5 კონტაქტს აინფიცირებს. რიცხვი, მოსახლეობის 60%, რაც ანგელმა მერკელმა ახსენა, სწორედ აქედან გამომდინარეა - ეპიდემიოლოგებს შეუძლიათ, წინასწარ დათვალონ, რამხელა პოტენციალი აქვს ვირუსს, და ეს 60-70% აქედან მოდის. ეს პოტენციური რიცხვია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მართლა ამდენი იქნება", - განუცხადა "ამბებს" მამუკა მაჩაიძემ.