თამარ შუკვანი
16.03.2020

ამერიკის შეერთდებულ შტატებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მისი კლინიკური გამოკვლევები კი დღეს (16 მარტს) დაიწყო. სიეტლის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პირველი მონაწილეები ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას მიიღებენ. ინფექციონისტთა ნაწილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი საბოლოო გამოყენება მალე გახდება შესაძლებელი, რადგან ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება.

ტესტებში მონაწილეობას 18-დან 45 წლამდე მოხალისეები შეძლებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ექსპერიმენტში მონაწილეები მასაჩუსეტსის დაფუძნებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია „მოდერნასა" და აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ვაქცინის სხვადასხვა დოზას მიიღებენ.

ექიმი-ინფექციონისტი ეკატერინე დოლმაზაშვილი „რეზონანსთან" ვაქცინის გამოყენების საბოლოო შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინის შექმნის შემდეგ გამოყენებისთვის ნებართვას სულ მცირე 12 თვე დასჭირდება.

„ვაქცინის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან მალე, რადგან, იმისათვის, რომ ვაქცინა ბოლო ფორმით შეიქმნას და გაიროს ყველა საჭირო კლინიკური კვლევა, რის შემდეგაც მიიღებს გამოყენებისთვის ნებართვას, როგორც წესი, სულ მცირე 12 თვე სჭირდება-ხოლმე.

„მეცნიერთა ერთ-ერთი ჯგუფი, ეს იყო გერმანელების ჯგუფი, საუბრობდა ვაქცინის შექმნაზე, რომელიც ზაფხულისთვის გახდება შესაძლებელი, მაგრამ, შემდგომ მას კლინიკური კვლევების გავლა დასჭირდება, ანუ, ეს არ არის საბოლოო ფორმა ზაფხულისთვის. მოლოდინი მედიკამენტებზე, სამკურნალო საშუალებებზე უფროა, რომ ახლო მომავალში ხელმისაწვდომი იყოს," - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს, თუმცა, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა, სრულად გამოჯანმრთელდა. მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. 15 მარტს ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და მთავრობის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 33-ს შეადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია.

რაც შეეხება მთელ მსოფლიოში არსებულ ბოლო მონაცემებს,COVID-19-ით 169 385 ადამიანია ინფიცირებული, 77 257 გამოჯანრთელდა, 6 513 გარდაიცვალა. აღნიშნულ მონაცემებს ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×