
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 18 მარტიდან 2 კვირის განმავლობაში, იკრძალება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გნაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ ქვეყანაში, ამის საშუალება მიეცემათ.
საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
„სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია , რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული",-აღნიშნა ჩიქოვანმა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოზე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, მათ ექნებათ საშულება, მოსახლეობას ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ.
"საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ჩიქოვანმა.