
რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად გამოაცხადა, რომელიც საფრთხეს დედამიწაზე არსებულ ყველა ქვეყანას უქადის, ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემია დიდი სისწრაფით ვითარდება, მათ შორის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება. ამ მხრივ იტალია ლიდერობს, სადაც COVID-19-ით ინფიცირების მასშტაბმა კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია - ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათასზე მეტია, ხოლო 1000-ზე მეტი გარდაცვლილია.
გავრცელების მასშტაბები შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია, შედარებით ნაკლებად დიდ ბრიტანეთში. ეპიდემია სიჩქარეს კრებს ამერიკაშიც.
ყველაზე საუკეთესო სპეციალისტებიც კი ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ შეცვლის კორონავირუსის პანდემია ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, თუმცა გარკვეულ პროგნოზებს იმ მოვლენების საფუძველზე აკეთებენ, რაც იტალიაში ხდება.
იტალიაში ეპიდემია პირველად ჩრდილოეთ ნაწილს მოედო, შემდეგ სწრაფი ტემპით სამხრეთზე გადავიდა, ამჯერად უკვე რომის სამხრეთში მდებარე ნეაპოლშიც ისეთივე შემაშფოთებელი სიტუაციია და ხალხი ისევეა დაზაფრული, როგორც მილანსა და ტურინში.
ნახევარკუნძულზე ადამიანების ყოფა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეკონომიკური სიტუაცია კატასტროფულად გაუარესდა, რის გამოც სახელმწიფომ 28 მილიარდ ევროს ოდენობის პაკეტი დაზარალებული ბიზნესებისა და ადამიანების დასახმარებლად გამოჰყო.
საგანმანათლებლო დაწესებულებები და თავშეყრის სხვადასხვა ადგილები დიდი ხანია უკვე დახურულია, მთავრობა მარტის ბოლომდე კაფეებისა და რესტორნების დახურვასაც აპირებს. მეტიც, თვის ბოლომდე შეიძლება დახურონ ავტოგასამართი სადგურები და აფთიაქებიც კი.
პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, საცალო ვაჭრობის დაწესებულებები, მათ შორის სასურსათო მაღაზიები, 25 მარტამდე უნდა დაიხუროს.
ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ ნებადართულია, მუშაობის ნება ბანკებსა და საფოსტო მომსახურებასაც დართეს, ჯერჯერობით.
დაცარიელებულია სასტუმროები, ქუჩებში ხალხი აღარ დადის, დიდ ქალაქებში დილაობით სპეციალური მანქანები დადიან, რომლებიც გზებზე სადეზინფექციო ხსნარს აფრქვევენ.
ყოველ მომდევნო დღის დადგომასთან ერთად იტალიელები აცნობიერებენ, რომ გარესამყაროსგან სულ უფრო მეტად არიან იზოლირებულნი, მეზობელმა ქვეყნებმა იტალიიდან გადასცლაზე სხვადასხვა სიმძიმის შეზღუდვა დააწესეს. მძიმედ აღიქვეს ნახევარკუნძულზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადება საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე.
რომი, ისევე როგორც სხვა ქალაქები და ადგილები, სადაც მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებია, ტურისტებისგან თითქმის მთლიანადაა დაცლილი; რესტორნები, რომლებიც თავის დროზე სტუმრებით გადაჭედილი იყო, ასევე დაცარიელებულია.
მეორე მსოფლო იმის შემდეგ იტალია პირველი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც მთლიანად დაიხურა და „წითელ ზონად" გამოცხადდა.
ეპიდემიის სწრაფი ტემპით ზრდის გამო, იტალიის ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში კარანტინი თავიდან გამოცხადდა 7-8 მარტს ღამით, იტალიის მთავრობამ ე.წ. წითელ ზონაში მოაქცია ლომბარდია, მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზაროს და ურბინოს პროვინცია, ალესანდრია, ასტი, ნოვარა, ვერბანო-კუსიო-ოსოლა, ვერჩელი, პადუა, ტრევიზო და ვენეცია. სულ ერთბაშად 16 მილიონი აღმოჩნდა კარანტინში.
ქუჩებში ყოველგვარი გადაადგილება აიკრძალა, კანონდამრღვევს კი სამთვიანი პატიმრობა ემუქრება.
თუმცა რამდენიმე დღეში იტალიის მთავრობა იძულებული გახდა კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაევრცელებინა - ანუ, ის 60 მილიონზე მეტი ადამიანზე გავრცელდა.
კიდევ ერთი დეტალი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მთავრობამ ციხეებში მნახველების ვიზიტი შეზღუდა, რამაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ამბოხი გამოიწვია. ამბოხის შედეგაც ცხრა პატიმარი გარდაიცვალა,ხოლო 76 გაიქცა.