
ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი მსოფლიოში უკვე იმხელაა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მოგეხსენებათ, პანდემია გამოაცხადა. ვირუსის გავრცელებამ გაართულა ვითარება ევროპაში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი იტალია აღმოჩნდა.
ქევყნის მთავრობამ 60-მილიონიანი ქვეყანა მთლიანად წითელ ზონად გამოაცხადა და მოსახლეობას კარანტინის მკაცრი ზომების დაცვით უწევს ცხოვრება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 12 462 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 827, გამოჯანმრთელდა - 1045.
მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში არაერთი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც საკამოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.
„ალბათ ხვდებით იტალიის წითელ ზონად გამოცხადება, რა მდგომარეობაში ჩაგვაგდებს ემიგრანტთა უმეტესობას, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში ისედაც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მუშაობდა და არც აქამდე გრძნობდა თავს დაცულად. ბევრი კი ისეთ ასაკშია, რომელთათვისაც დაავადება სარისკოა თუმცა, ამ სიტუაციაში ჩვენზე ყველაზე ის მოქმედებს ჩვენს სამშობლოში რა ხდება. როგორ არიან ქართველები, რომელთაგან არაერთმა კრიტიკაც კი დაგვიწყო, - რას გამორბიან, იყვნენ სადაც არიანო, არადა, აქ მყოფი ემიგრანტების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა წამოსვლის სურვილი..
ჩვენ ვიქნებით, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენიანებს სჭირდებათ, მაგრამ მთავრობისაგან თუ საზოგადოებისაგან კრიტიკის ნაცვლად ელემენტარული გამხნევება ნამდვილად გვჭირდება!
კარგად გვესმის, რომ ახლა საქართველოში ემიგრანტების მოზღვავება არ იქნება სწორი. უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. ამიტომაც ვცდილობთ, შიშიანობას უცხო ქვეყანაში გავუმკლავდეთ. პირველი ემოციების გამკლავება კი ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ რაც შეგვიძლია, ერთმანეთს ვამხნევებთ. ალბათ იცით, რომ სპეცრეისით იტალიიდან 200 კაცი უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მათი ნაწილი ბოლო ხანს იტალიაში ტურისტული ვიზით იყო ჩამოსული და აქ მუშაობდა დროებით. ამ 200-მა მხოლოდ 156 ადამიანი წამოვიდა საქართველოში.
კიდევ ერთი მომენტია, იტალიამ ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა, ახლა კი თუ ყველა გამოვიქეცით, ასე გამოდის, ვღალატობთ. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების შემთხევვაში უპატრონოდ რჩებიან მოხუცები, რომელთაც ისინი უვლიან. არ ვამბობ, რომ სიცოცხლის გაწირვა გამართლებულია, მაგრამ თუ ექიმების რეკომენდაციებს დავიცავთ, რისკსაც ავიშორებთ და თანაც ჩვენზე მონდობილ ადამიანებსაც არ გავწირავთ. ამ მოხუცების შვილებიდან ზოგიერთი ხომ უკვე თვითიზოლაციაშია", - ამბობს ქართველი ემიგრანტი ფიქრია ჯუჭუხიძე „კვირის პალიტრასთან".