
თუ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ევროპის ქვეყნები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, შესაძლოა გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა დაინფიცირდეს - ამის შესახებ პროგნოზი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერზი" ავრცელებს.
მერკელმა შესაბამისი განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.
მერკელი ამბობს, რომ ამჯერად მთავარია ძალისხმევა მიმართული იყოს იქითკენ, რომ ვირუსის გავრცელება შენელდეს.
„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი რამ არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვირუსი ვრცელდება, მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი და არ არსებობს თერაპია, ესე იგი, მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
თებერვლის ბოლოს, ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადალბერტ იანცმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, შენგენის ქვეყნებს საზღვრების დაკეტვის შესაძლებლობა განიხილება, თუმცა ასევე დასძინა, რომ ამდაგვარი ღონისძიებების გატარებისთვის სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვი 1500-ს გადასცდა, მსოფლიოში 119.5 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, 4.2 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, 65.9 ათასი კი ვირუსისგან განიკურნა. იტალია ევროპაში ყველაზე დიდი გავრცელების ზონა გახდა. კორონავირუსის გამო იტალიის მთელი ტერიტორია „წითელ ზონად" გამოცხადდა. აქ ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასზე მეტია.