
შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაწერონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჯანმრთელად, თუ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი არ გამოუვლინდება.
„პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფების. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რახან მას უკვე აღარ აქვს ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღეს მოხდება და მეორე დრეს მოხდება კიდე ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება", - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.