თამარ შუკვანი
10.03.2020

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ 16 წლით ყოფნის უფლება მიეცემა. ამას ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, პირველმა კოსმონავტმა ქალმა ვალენტინა ტერეშკოვამ წამოაყენა.

ამჟამად პუტინი მეოთხე ვადით ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას. ოგო 2000 და 2004 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. ამის შემდეგ, რადგანაც რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ 2-ზე მეტი ვადით ერთი და იგივე ადამიანის პრეზიდენტად არჩევას კრძალავს, 4 წლით - 2008-2012 წლებში - რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა დმიტრი მედვედევს ეკავა.

ამის შემდეგ რუსეთში საპრეზიდენტო ვადა 4-დან 6 წლამდე გაიზარდა. 2012 წელს პუტინი მესამე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, 2018 წელს კი - მეოთხე ვადით. მას უფლებამოსილება 2024 წელს ეწურება და მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩენებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

თუმცა, ამჟამად რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ და ტერეშკოვამ ახალი კონსტიტუციის მიღებასთან ერთად საპრეზიდენტო ვადების ანულირების წინადადება წამოაყენა. ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინის ბოლო ორი საპრეზიდენტო ვადა „ანულირდება“ და თავისუფლად მას შეეძლება ჯერ 2024 და შემდეგ უკვე 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, იგი შეიძLება 2036 წლამდე დარჩეს რუსეთის პრეზიდენტად.

თავად პუტინი ამის წინააღმდეგი არაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი საკონსტიტუციო სასამართლო საპრეზიდენტო ვადების ამ ანულირებას დასაშვებად სცნობს. ამის შესახებ მან სამშაბათს განაცხადა. 

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პუტინმა შესაძლოა მისი საპრეზიდენტო ვადები მართლაც გაანულოს და სიცოცხლის ბოლომდე რუსეთი პრეზიდენტად დარჩეს. 

„რუსეთი საერთაშორისო ასპარეზს მაინცდამიანც დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას არ ანიჭებს. საერთაშორისო გამოძახილს, რა თქმა უნდა, ანგარიშს უწევს, მაგრამ არ მგონია, პუტინი ამან დიდად შეაწუხოს. ალბათ გაანულებენ ძველ ვადას. თუ პუტინი 14 წელი კიდევ შეინარჩუნებს თანამდებობას, შემდეგ კიდევ მოიფიქრებს რამეს.

„საპარლამენტო მმართელობაზეც არ არის თანახმა. თქვა, რომ რუსეთისთვის საპარლამენტო მმართველობა არ იქნება სწორი და მომგებიანი. შიგნით ქვეყანაში შეიძლება უკმაყოფილება არის, მაგრამ არც ისეთი მძლავრიანია ოპოზიცია, რომ მისთვის ანგარიშის გაწევა ღირდეს. ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია, სიტუაცია ძალიან მყიფეა და პატარა რყევამ შეიძლება დიდი ძვრები გამოიწვიოს. თუმცა, ეს შემთხვევითობაზეა დამოკიდებული,“ - უთხრა ძაბირაძემ „რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×