
რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპრეზიდენტო ვადების განულებას. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცვლილებას მხარი დაუჭირა 380-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 43.
პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინი უარყოფდა 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.
"მე რისი მეშინია, რატომ არ მინდა ვადების შემცირება... საკუთარი თავის გამო არ ვშიშობ, მე ჭკუიდან არ გადავალ. საქმე ჩემში არ არის. ჩვენ ხომ ვცვლით კონსტიტუციას არა 5 ან 10 წლით, მინიმუმ 50 წლით. მე მგონია, რომ მომავლისთვის საჭიროა..." - თქვა პუტინმა.
პუტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.
წყარო: ტაბულა