რეზონანსი
09.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავს.

როგორც მან კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, გამყრელიძის თქმით, რაოდენობა მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში.

„ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს", - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებში შემთხვევების ზრდაზე, კერძოდ გერმანიასა და საფრანგეთზე, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, ასევე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კი, ეს მაჩვენებელი უკვე 500-ზე მეტია.

მისივე განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან.

ამასთან, მისივე თქმით, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათაც, ვინც სხვა, იმ ქვეყნებიდან ჩამოდის, სადაც დასენიანების მაჩვენებელი მაღალი არ არის და იციან, რომ შესაძლოა, ჰქონოდათ კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა თვითიზოლაცია ან კარანტინის რეჟიმში დაკვირვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×