
დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
„გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან,პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს", - განაცხადეს უწყებაში.