ტატა შოშიაშვილი
08.03.2020

საუდის არაბეთმა კორონავირუსის გავრცელებისა და მსოფლიო ეკონომიკური პრობლემების შექმნის ფონზე, აპრილში ნავთობის მოპოვების ყოველდღიური ნორმის თითქმის მაქსიმუმამდე გაზრდა გადაწყვიტა. ამით ერ-რიადი სამაგიეროს უხდის ოფიციალურ მოსკოვს „ოპეკი პლუსის" ფორმატის შეხვედრაზე რუსეთის პოზიციის გამო შეთანხმების ჩაშლისათვის. ამ ინფორმაციას „ბლუმბერგი" ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

საუდის არაბეთის წამყვანმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ დღეში ნავთობის მოპოვების ნორმას 9,7-დან 10 მლნ ბარელამდე გაზრდიან და შესაძლოა, ამ რიცხვმა 12 მლნ-საც გადააჭარბოს, რაც გულისხმობს იმას, რომ საუდის არაბეთი ერთ დღეში ნავთობის მოპოვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

ერ-რიადმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მარტს ვენაში გამართულ „ოპეკი პლუსის" შეხვედრაზე (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანება პლუს რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი), სადაც ნავთობმოპოვების შემცირებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რუსეთმა შეთანხმება ჩაშალა, რადგან კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნავთობის მოპოვების შემცირებას.

„ბლუმბერგი" და „როიტერსი" წერდნენ, რომ ნავთობმოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთმა და რუსეთის ფედერაციამ განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს, რის გამოც საბოლოო სხდომა უშედეგოდ დასრულდა.

„ბლუმბერგის" ვერსიით, ერ-რიადის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოწინააღმდეგე ქვეყნებზე ზეწოლის მცდელობაა, რომელთა შორის რუსეთს, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოეშლება, თუ საუდის არაბეთი მართლა გაზრდის ნავთობის მოპოვებას დღეში 9,7-დან 12 მლნ ბარელამდე. სპეციალისტთა შეფასებით, ეს საუდის არაბეთის მხრიდან რუსეთისასთვის პრაქტიკულად „ნავთობის ომის" გამოცხადებას ნიშნავს, რადგანაც საუდის არაბეთის მიერ მოპოვების გაზრდა კორონავირუსის გავლენით ისედაც გაიაფებული ნავთობის კიდევ უფრო გაიაფებას გამოიწვევს, რაც პირდაპირ დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას.

გარდა ამისა, ბლუმბერგის ცნობით, 9 მარტს საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი კომპანია Saudi Aramco ოფიციალურად განაცხადებს, რომ ნედლი ნავთობის რამდენიმე სახეობაზე ფასს შეამცირებს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, ამ შეთანხმებიდან გასვლა რუსეთს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დღეში 0,3 მლნ-ით გაზარდოს ნავთობმოპოვება, მაგრამ აღნიშნული გეგმები არ განხილულა ნავთობმომპოვებელ კომპანიებთან.

გამომდინარე იქიდან, რომ „ოპეკ პლუსის" შეხვედრაზე შეთანხმება ჩაიშალა, „ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში თითქმის 10%-ით შემცირდა და ერთი ბარელისთვის 45 დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×