ტატა შოშიაშვილი
08.03.2020

მოსკოვში გამართულ თურქეთის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე გაუგებრობა მოხდა. საქმე ისაა, რომ სერგეი ლავროვის კომპლიმენტი, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჰალსტუხს ეხებოდა, თურქულმა საინფორმაციო სააგენტო „YolTV"-მა არასწორად თარგმნა და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ლავროვი ერდოღანს სიყვარულში გამოუტყდა.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერის" მეშვეობით „YolTV-ის" მიუთითა მათ მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც ლავროვის კომპლიმენტს შინაარსობრივად ცვლიდა.

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, ლავროვმა ერდოღანს უთხრა „I love your tie" („მე მიყვარს/მომწონს თქვენი ჰალსტუხი"), ხოლო თურქულმა მედიასაშუალებამ ფრაზა თარგმნა ასე: „I love you Tayyip" („მე თქვენ მიყვარხართ, ტაიპ").

„ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ თურქულმა „YolTV-იმ" არასწორად გაიგო სერგეი ვიქტორიჩ ლავროვის სიტყვები. გამოქვეყნებულ ვიდეოში მკაფიოდ ისმის, თუ როგორ ამბობს მინისტრი „I love your tie" („მე მიყვარს/მომწონს თქვენი ჰალსტუხი"), - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თურქულ საიფორმაციო სააგენტოს განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

5 მარტს სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე დამატებითი პროტოკოლის ტექსტი წაიკითხა, რომელიც შეთანხმებული იყო რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის და იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

პროტოკოლი სამი პუნქტისგან შედგებოდა: პირველი ითვალისწინებდა 6 მარტს 00:01 წუთზე ყველანაირი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას; მეორე - ჩრდილოეთ სირიისა და პროვინცია ლატაკიის დამაკავშირებელი ტრასის გასწვრივ შეიქმნება 6 კმ-იანი უსაფრთხოების დერეფანი, ხოლო მესამე პუნქტის თანახმად, 15 მარტს სწორედ ამ 6 კმ-იან ტრასაზე რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×