რეზონანსი
06.03.2020

კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი ხაშურის ცენტრში, უამრავი ხალხის თვალწინ მოხდა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის 24 წლის გოგონა, რომელიც ნათესავებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როცა მას ყოფილი ქმარი, მიხეილ ლომსაძე თავს დაესხა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ახლობლების თქმით, ყოფილი ცოლი პოლიციაში საჩივრის დასაწერად მიდიოდა და შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითხოვდა. იმასაც ამბობენ, რომ ერთხელ უკვე გამოცემული იყო მასზე შემაკავებელი ორდერი.

მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი თქმით, ყველაფერი წამებში დატრიალდა, მამაკაცი გოგოს მიეპარა და დანა რამდენჯერმე დაარტყა.

"აფთიაქში შევდიოდი, უცებ კივილი რომ ატყდა, ვიღაც ურტყამდა გოგოს, რომელიც ჩაიკეცა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თავიდან, მგონი, ნათესავებიც ვერ მიხვდნენ, - ყვიროდნენ გვიშველეთ, დაჭრილიაო! მერე თქვეს, გოგოს დედაც იქ იყოო. იქვე წამოაწვინეს და დავრეკეთ სასწრაფოში, თუმცა ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა, მანამდე გადაიყვანეს ბიჭებმა საავადმყოფოში. ის ბიჭი იქვე დაიჭირეს. სისხლიანი დანა კარგა ხანს ეგდო ძირს, მერე პოლიცია მოვიდა, ის ადგილი ცარცით შემოხაზეს და ელოდებოდნენ კრიმინალისტების მოსვლას. ვინც ახლდა მათ ისინი შოკირებულები იყვნენ, - ქმარმა დაჭრაო. მე პირადად არ დამინახავს დანა როგორ დაარტყა",- ამბობს თვითმხილველი.

დაჭრილი ქალის ნათესავი ამბობს, 28 წლის მამაკაცი ცოლთან განშორების წინააღმდეგი იყო.

"ბოლო რამდენიმე თვეა ემუქრება გოგოს. მუქარის მესიჯებს უგზავნიდა. არა მარტო მას, არამედ - ცოლის დასაც, გოგონებმა საშინელი მესიჯები მაჩვენეს. მერე ვუთხარი, წავიდეთ და საჩივარი დავწეროთ-მეთქი, უკვე ძალიან ზედმეტი მოსდიოდა და წამოვიყვანეთ, რომ საჩივარი დაეწერა. ამის შემდეგ, ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი, ეტყობა აგვედევნა და ეს ჩაიდინა,"- ამბობს დაჭრილი ქალის ნათესავი.

დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი 7 წელია გათხოვილია და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. მისი თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტები იყო და პოლიციამ ეს იცოდა.

"წელიწადი და 6 თვეა განქორწინებულები არიან, ერთ სამჯერ შეურიგდა, თუმცა ისევ იყო კონფლიქტები, ემუქრებოდა. თამაშობდა, ერთი ლარი რომ ეშოვა, ტოტალიზატორში იჯდა. პოლიციელებმა იცოდნენ ეს ამბავი, აყვანილიც ჰყავდათ აღრიცხვაზე, ამის მერეც დაემუქრა მოკვლით და კიდეც აასრულა". მისი თქმით, ცოლ-ქმრის კონფლიქტის მიზეზი, სწორედ ბრალდებულის თამაშდამოკიდებულება იყო.

ამჟამად ახალგაზრდა ქალი თბილისში გადმოჰყავთ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×